სტუ-ში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სტუ-ში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

 

სტუ-ში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

27-10-2023
სტუ-ში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომელზეც მოხსენების  - „ქართული და აფხაზური ენებით ევროკავშირში, ანუ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის  დაფუძნება-ამოქმედების პროექტი“ - პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია, სამინისტროსა და სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სამეცნიერო-აკადემიური წრეები ესწრებოდნენ, სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.

რექტორმა ღონისძიების მონაწილეებს, ქართულ და აფხაზურ საზოგადოებას, საქართველოს მეორე სახელმწიფო ენის - აფხაზური ენის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ აფხაზური ენა  გაქრობის საფრთხის წინაშეა, ამდენად მისი დაცვა-შენარჩუნება, კონსტიტუციურ ვალდებულებასთან ერთად, აფხაზურ საზოგადოებასთან შერიგების ერთ-ერთ მთავარ მდგენელს წარმოადგენს.

„აფხაზური ენის დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს დებსა და ძმებს,  ვისთვისაც აფხაზური ენა მშობლიურია, ასევე მათ, ვისთვისაც აფხაზური ენისა და კულტურის შენარჩუნება მნიშვნელოვანი ღირებულებაა. ღონისძიებას ესწრებიან სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრი, სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრის დირექტორი, ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორი კონსტანტინე ფხაკაძე და ილინოისის  უნივერსიტეტის ენათმეცნიერების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი გამოთვლით ლინგვისტიკაში, ალექსანდრე მასხარაშვილი, მეცნიერები, რომელთაც დიდი ღვაწლი მიუძღვით აფხაზური ენის ტექნოლოგიური შესწავლისა და შენარჩუნების საქმეში. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, დიდი ივანე ჯავახიშვილი ამბობდა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კავკასიური ენების, პირველ რიგში, აფხაზური ენის შესწავლას, დაცვას,  გარდა სამეცნიეროსი, აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა. დღეს ორმაგად მნიშვნელოვანია დავიცვათ ენა, რომელსაც გაქრობა ემუქრება. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რამდენიმე წელია ამ მიმართულებით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. გადაწყდა, რომ უნივერსიტეტში დაფუძნდება კვლევითი ინსტიტუტი. ეს იქნება, ენის გადასარჩენად, ჩვენი მხრიდან შეტანილი მცირედი, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი. მინდა კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა აღვუთქვა ამ საკითხზე მომუშავე მეცნიერებს და წარმატებები ვუსურვო მათ“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ნანა გაბელიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორსა და მეცნიერებს აფხაზური ენის დაცვა-შენარჩუნების ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე, დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით - „ქართული და აფხაზური ენებით ევროკავშირში, ანუ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის  დაფუძნება-ამოქმედების პროექტი“ - სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრის დირექტორი, ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორი კონსტანტინე ფხაკაძე და ილინოისის  უნივერსიტეტის (აშშ) ენათმეცნიერების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი გამოთვლით ლინგვისტიკაში, ალექსანდრე მასხარაშვილი წარსდგნენ.

სიახლეებში დაბრუნება