საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური სერვისების ცენტრის ინიციატივითა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ახალი პროექტი - „სტუ-ჩემი წარმატების ფორმულა“ დაიწყო. პროექტის ფარგლებში პირველი ღონისძიება სტუ-ის სატრანსპოტრო სისტემები და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩატარდა.
პროექტი განხორციელდება სტუ-ის თოთხმეტივე ფაკულტეტზე და მისი არსი მდგომარეობს, ცალკეული ფაკულტეტების წარმატებული კურსდამთავრებულების სტუდენტებთან შეხვედრას.
პროექტის - „სტუ - ჩემი წარმატების ფორმულა“, პირველი სტუმარი, სატრანსპოტრო სისტემები და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით გეწაძე, ამავე ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.
სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრის ხელმძღვანელის ლევან ფიფიას განცხადებით, პროექტის განხორციელებამდე სტუდენტებს შორის ჩატარდა გამოკითხვა, სურდათ თუ არა წარმატებულ კურსდამთავრებულებთან შეხვედრა.
„ინტერესი იმდენად დიდი იყო, გადაწყდა პროექტი განგვეხორციელებინა. ვფიქრობ, სტუდენტებისათვის, საინტერესო იქნება ამა თუ იმ წარმატებული ინჟინერის, იურისტის, ბიზნესის წარმომადგენლის თუ სხვა პროფესიის ადამიანებთან შეხვედრა, მათი წარმატების ფორმულის ისტორიების მოსმენა. ეს იქნება მოტივაცია ახალგაზრდებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო რექტორს მხარდაჭერისთვის, თითოეული ფაკულტეტის დეკანს, სტუდენტებს და რა თქმა უნდა, ჩვენს პირველ სტუმარს, ბატონ დავითს“, - განაცხადა ლევან ფიფიამ.
როგორც საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით გეწაძემ განაცხადა, მისთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრობა და სტუდენტებთან შეხვედრა დიდი პატივია.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხური - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა, გავიარე. უნივერსიტეტთან მთელი 11 წელი მაკავშირებს. ეს იყო მომავლის იმედით დატვირთული წლები. აქ შევიძინე ბევრი მეგობარი, მივიღე მაღალკვალიფიციური განათლება. წარმატება პირდაპირ კავშირშია არჩეული სპეციალობის სიყვარულთან, რაც ამარტივებს როგორც სწავლას, ასევე სამუშაო პროცესში ჩართვას. დღეს შევხვდი სტუდენტებს, რომლებიც ხვალ-ზეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტში ან სხვაგან გამოიყენებენ უნივერსიტეტში მიღებულ განათლებას. სასიხარულოა, ახალგაზრდები არიან მოტივირებული, იციან, რომ მოთხოვნა კვალიფიციურ კადრზე დიდია და ყველაფერს ცდილობენ გახდნენ საჭირონი. მინდა წარმატება ვუსურვო მათ და უნივერსიტეტს“, - განაცხადა დავით გეწაძემ.
შეხვედრის დასასრულს, სტუ-ის სატრანსპოტრო სისტემები და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა სტუდენტური სერვისების ცენტრს ინიციატივისათვის, რექტორს მხარდაჭერისათვის.
„ძალიან საინტერესო პროექტი დაიწყო სტუდენტური სერვისების ცენტრმა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ასევე მადლობა რექტორს მხარდაწერისთვის. მსგავსი პროექტები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებულია, სტუდენტები ისმენენ მათი უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთვარებულების ისტორიებს, რაც მათთვის მოტივაციაა. ძალიან მიხარია, რომ პროექტის განხორციელება ჩვენი ფაკულტეტიდან დაიწყეს, წარმატებებს ვუსურვებ პროექტს“, - განაცხადა ბორის გითოლენდიამ.