ბიბლიოთეკის შესახებ

მოკლე ინფორმაცია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნსაცავია. ბიბლიოთეკის უნივერსალური ფონდი სასწავლო, სამეცნიერო და მხატვრული გამოცემებისგან შედგება. მათ შორისაა ისეთი უნიკალური (რარიტეტული) გამოცემები, რომელთა უმრავლესობა მხოლოდ აქ არის დაცული და უიშვიათეს ეგზემპლარებს წარმოადგენს, კერძოდ, დაცულია XVIII, XIX და XX საუკუნეების ქართული, ევროპული და ამერიკული გამოცემები ტექნიკურ, საინჟინრო და ჰუმანიტარულ სპეციალობებში.

ფონდში ასევე დაცულია ფრანგული, გერმანული, რუსული და ინგლისური საინჟინრო და საისტორიო ხასიათის პერიოდული გამოცემები, რომლებიც ფასდაუდებელია ტექნიკის (და არამხოლოდ) ისტორიის განვითარების უწყვეტი პროცესის  წარმოსადგენად. ფონდში შეხვდებით ბროკჰაუზისა, ლარუსის, გრანტის უნიკალურ ენციკლოპედიებს.

ბიბლიოთეკის წიგნსაცავში ქართულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ და სხვა ენებზე შექმნილი ლიტერატურაა დაცული. რამდენიმე მილიონ საბიბლიოთეკო ერთეულს შორის არის როგორც წიგნები, ისე პერიოდული გამოცემები. ბიბლიოთეკის მნიშვნელოვანი ნაწილია წიგნებისა და ჟურნალების ელექტრონული ბაზა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დანერგილია ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა "KOHA" (http://opac.gtu.ge/), რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ბიბლიოთეკაში არსებული როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ლიტერატურის მოძიება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს აქვთ წვდომა ელექტრონულ რესურსებზე.