საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, პალერმოს უნივერსიტეტის მკვლევარმა ნინო ადამაშვილმა, თანაავტორებთან ერთად, ჟურნალ FIIB Business Review-ის ყველაზე გავლენიანი სტატიის ჯილდო მიიღო. FBR Impactful Paper Award 2024-ის ჯილდო ახალგაზრდა მეცნიერს ჟურნალში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.
გამარჯვებული ნაშრომია „მომხმარებელთა მზადყოფნა, გადაიხადონ მოკლე მიწოდების ჯაჭვებში ელექტრომანქანებით ტრანსპორტირებულ აგროსასურსათო პროდუქტებში“ (Galati, A., Migliore, G., Thrassou, A., Schifani, G., Rizzo, G., Adamashvili, N., & Crescimanno, M. (2023). Consumers’ Willingness to Pay for Agri-Food Products Delivered with Electric Vehicles in the Short Supply Chains. FIIB Business Review, 12(2), 193-207. Doi:10.1177/23197145221112743).
ნინო ადამაშვილმა დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხური, შემდეგ კი - ფოჯის უნივერსიტეტის (იტალია) დოქტორანტურა. ამჟამად იგი პალერმოს უნივერსიტეტის მკვლევარია იტალიური ნაციონალური პროექტის W.E. B.E.S.T. PRIN-ის ფარგლებში, სადაც ნინოს სამეცნიერო ხელმძღვანელი ამავე პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი და გამარჯვებული სტატიის ასევე ავტორი პროფესორი ანტონინო გალატია. ნინო კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს მუშაობდა მიწვეულ მკვლევრად პალერმოს, ფოჯის, ლუქსემბურგის, ალკალისა და ტურინის უნივერსიტეტებში. არის არაერთი საერთაშორისო პროექტის გამარჯვებული, 20-ზე მეტი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და საორგანიზაციო და სარედაქციო კომიტეტის წევრი, სესიების წამყვანი, საერთაშორისო კონკურსებში მონაწილე სტუდენტთა ჯგუფების ხელმძღვანელი... მაღალრეიტინგულ იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია, რომელთაგან 13 Scopus-ის სისტემაშია (9 h-ინდექსით).