საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე „სტრესის მართვის ტექნიკები იძულებით გადაადგილებული სტუდენტებისთვის“, რომელიც განკუთვნილი იყო ქართველი და უკრაინელი სტუდენტებისთვის.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის პრაქტიკული ინსტრუმენტების გაზიარება, რომლებიც დაეხმარებათ სტრესის გაცნობიერებაში, ემოციური მდგომარეობის მართვაში და ყოველდღიურ აკადემიურ თუ პირად გამოწვევებთან ეფექტურად გამკლავებაში. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს. ტრენინგს უძღვებოდა ფსიქოთერაპევტი სოფიკო გოგოჩაშვილი.
ტრენინგში განსაკუთრებით აქტიურად უკრაინელი სტუდენტები ჩაერთნენ, რომლებმაც თემის აქტუალურობისა და ტრენერის მაღალი პროფესიონალიზმისთვის, გულწრფელი მადლიერება გამოხატეს. როგორც მათ აღნიშნეს, მსგავსი შეხვედრები მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სურვილი გამოთქვეს, რომ სტრესის მართვასთან დაკავშირებული ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრი განაგრძობს ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც ხელს უწყობს სტუდენტების ფსიქოემოციურ კეთილდღეობას, ადაპტაციასა და აკადემიურ წარმატებას მრავალკულტურულ საგანმანათლებლო გარემოში. აღსანიშნავია, რომ ცენტრის საქმიანობა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული
Erasmus+ პროექტის „
PROMENT“ ფარგლებში.