სტუ-ის რექტორმა ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ავტორიზაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დასრულება შეაფასა

სტუ-ის რექტორმა ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ავტორიზაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დასრულება შეაფასა

 

სტუ-ის რექტორმა ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ავტორიზაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დასრულება შეაფასა

28-09-2025
სტუ-ის რექტორმა ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ავტორიზაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დასრულება შეაფასა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სამუშაო ვიზიტით სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, რექტორი  პროფესიული პროგრამებისთვის ავტორიზაციის პროცესისთვის მოსამზადებელი სამუშაოს დასრულების შედეგებს ადგილზე გაეცნო და მიმდინარე პროცესები შეაფასა.

რექტორმა დავით გურგენიძემ ინსტიტუტის დირექტორ გრიგოლ ცნობილაძესთან ერთად ავტორიზაციის პროცესის მიმდინარეობა და შედეგები, ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების განვითარების საკითხები და სტუდენტური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი განხილა.

დავით გურგენიძემ ინსტიტუტის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს გაწეული შრომისა და საქმისადმი ერთგულებისათვის მადლობა გადაუხადა. რექტორმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის რეგიონული სტრუქტურების განვითარება სტუ-ის სტრატეგიული პრიორიტეტია, რისთვისაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზადაა ინსტიტუტის ინფრასტრუქტურის განახლება დაიწყოს.

ფოტო 1.jpeg

„ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი მნიშვნელოვანი სტრატეგიული რგოლია, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგად სამეცნიერო-საგანმანათლებლო სტრუქტურაში, ისე ქვეყნის სამთო-სამრეწველო სექტორის განვითარებისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო დირექციას და ყველას, ვინც პროფესიული, მაღალი სტანდარტის პროგრამების, შედგენაში მიიღო მონაწილეობა. რეგიონში არსებული სამთო-გეოლოგიური რესურსებისა და სამრეწველო პოტენციალის გათვალისწინებით, პროფესიული განათლების მძლავრი ჰაბის არსებობა აუცილებელია, ვინაიდან იგი საფუძველს უყრის პროფესიული კადრების სისტემურ აღზრდას, რაც რეგიონის ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია. სამთო მრეწველობა, ენერგეტიკა, მშენებლობა და სხვა რესურსზე დაფუძნებული დარგები მოითხოვს სპეციალიზებულ, ტექნიკურად განათლებულ და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ კადრებს, რომელთა მომზადება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რეგიონში იარსებებს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო და საწარმოო პრაქტიკისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როლის განმტკიცება რეგიონულ კონტექსტში ხელს უწყობს ადგილობრივი კადრების მომზადებას, რაც, თავის მხრივ, ქმნის პირდაპირ კავშირს განათლებას, პრაქტიკასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის. სწორედ ამიტომ, აუცილებელია პრაქტიკულ გამოცდილებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამები. მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუტი განიხილებოდეს არა მხოლოდ როგორც საგანმანათლებლო ერთეული, არამედ როგორც ადგილობრივი განვითარების ინტეგრაციის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისა და სამრეწველო პოტენციალის განმტკიცებას“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, იწყებს ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინფრასტრუქტურის განახლებას, რაც გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად, როგორც შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციას, ასევე სასწავლო და პრაქტიკული რესურსების მოდერნიზებას.

სიახლეებში დაბრუნება