სტუ, პირველად საქართველოში, ევროპული ორგანიზაციის, EYE-ის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

სტუ, პირველად საქართველოში, ევროპული ორგანიზაციის, EYE-ის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

 

სტუ, პირველად საქართველოში, ევროპული ორგანიზაციის, EYE-ის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

05-05-2025
 სტუ, პირველად საქართველოში, ევროპული ორგანიზაციის, EYE-ის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პირველად საქართველოში, ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული ორგანიზაციის - „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ (EYE) რიგით 55-ე საერთაშორისო კონფერენციას (ასამბლეა) მიმდინარე წლის 18-21 სექტემბერს უმასპინძლებს.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება EYE-ის აღმასრულებელმა კომისიამ აპრილის ბოლოს, ორგანიზაციის ეგიდით მალტაში გამართულ 54-ე საერთაშორისო კონფერენციაზე კენჭისყრის საფუძველზე მიიღო და ასამბლეის დახურვის ცერემონიაზე გაასაჯაროვა. 

ორგანიზაციაში - „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრები“ (EYE) - საქართველოს 2024 წლიდან წარმოადგენს „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტი“ (GYEC), რომელიც საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების (GSCE) მიერ დაფუძნებული ახალგაზრდა სპეციალისტთა ორგანიზაციაა, ხოლო მისი მუშაობა ფართოდ არის მხარდაჭერილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და GSCE-ის მხრიდან. 

#1-შიდა-05.05.2025-სტუ-EYE 55_ე კონფერენციას სტუ უმასპინძლებს.png

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ დელეგაცია, ორგანიზაციის პრეზიდენტის, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს (SDSU-G) და სტუ-ის სამოქალაქო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულ გიორგი მოლოდინისა და გენერალური მდივნის, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრის, ანნა გოგალაძის სახით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და GSCE-ის მხარდაჭერით, პირველად მონაწილეობდა EYE-ის საერთაშორისო კონფერენციაში.

საგულისხმოა, რომ მალტის კონფერენციაზე ასევე შედგა „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ ახალი ხელმძღვანელობის არჩევნები, რომლის ფარგლებშიც, გიორგი მოლოდინი EYE-ის ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად წარადგინეს. 

როგორც „ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ პრეზიდენტი აღნიშნავს, EYE-ის ეგიდით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს, გააძლიერებს საერთაშორისო სივრცეში ქართველი ახალგაზრდების პოზიციონირების შესაძლებლობებს, გაუხსნის მათ ახალ კავშირებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, საინჟინრო მიმართულების ორგანიზაციებსა და ინჟინერიის სხვადასხვა დარგებში მოქმედ პროფესიონალებთან.  

გიორგი მოლოდინის თქმით, მალტის ასამბლეაზე „ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის” დელეგაციამ წარმატებით წარმოაჩინა ის მნიშვნელოვანი მისია, მიზნები და საქმიანობა, რასაც ახორციელებს, ერთი მხრივ, საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოება (GSCE), რომელიც ევროპის მშენებელ ინჟინერთა საბჭოს (ECCE) და მსოფლიოს მშენებელ ინჟინერთა საბჭოს (WCCE) ოფიციალური წევრია, და მეორე მხრივ, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების ფლაგმანი უმაღლესი სკოლა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 

გიორგი მოლოდინის განცხადებით, საქართველოს დელეგაციამ, თავისი გამოსვლებით, პროცესებში აქტიური ჩართულობით და საინჟინრო მიმართულებებში ინფორმირებულობით, EYE-ის წევრთა დიდი უმრავლესობის დაინტერესება და მხარდაჭერა მოიპოვა. 

#2-შიდა-05.05.2025-სტუ-EYE 55_ე კონფერენციას სტუ უმასპინძლებს.png

„EYE-ის ეგიდით ჩატარებული საერთაშორისო კონფერენცია მრავალმხრივ საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი დელეგაციისთვის - ახალი კავშირებით, ახალი შესაძლებლობებით, თუნდაც იმით, რომ წარმატებით შევძელით წარმოგვედგინა ჩვენი ქვეყანა, საქართველოში განვითარებული საინჟინრო მიმართულებები; შევძელით სრულყოფილად გადმოგვეცა GSCE-ის მიზნები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმთავრესი მისია, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო კადრების მომზადებას გულისხმობს. დაინტერესება EYE-ის წევრებისა და დელეგატების მხრიდან დიდი იყო და ეს ძალიან გვახარებს. ვფიქრობთ, სწორედ ეს ფაქტორი გახდა გადამწყვეტი, რომ „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ აღმასრულებელმა კომისიამ, კენჭისყრის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მორიგი კონფერენცია ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაატაროს. პირველად საქართველოში, უნივერსიტეტი EYE-ის ასამბლეას წელს, 18-დან 21 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას მიიღებს 20-ზე მეტი ევროპული ქვეყნის 100-მდე ახალგაზრდა დელეგატი. საგულისხმოა ისიც, რომ მალტის ასამბლეაზე, ერთი წლის ვადით, EYE-ის ახალი ხელმძღვანელობა აირჩიეს - პრეზიდენტი, ასევე, ხუთი ვიცე-პრეზიდენტი და ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ის ფაქტი, როცა საფინანსო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტად ჩემი კანდიდატურა წარადგინეს”, - ამბობს გიორგი მოლოდინი.

„ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ ეგიდით, მორიგი საერთაშორისო კონფერენციის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართვის გადაწყვეტილებას რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ეხმიანება და მას მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს. 

„სასიხარულო და ამავდროულად, დიდი პატივია, რომ „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების” 55-ე საერთაშორისო კონფერენცია პირველად გაიმართება საქართველოში, კერძოდ კი ჩვენს უნივერსიტეტში. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის. EYE-ის გადაწყვეტილება ნათელი დადასტურებაა იმ საერთაშორისო აღიარებისა, რაც ქართულ საინჟინრო განათლებას, მეცნიერებას და ახალგაზრდა სპეციალისტთა მომზადებას მოიცავს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრიორიტეტი, საერთაშორისო სტანდარტების განათლების მიღებასთან ერთად, ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო კავშირების, გამოცდილებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნაა. EYE-ის ასამბლეის მასპინძლობა სწორედ ამ მისიის ლოგიკური გაგრძელება იქნება. 

დარწმუნებული ვართ, ეს საერთაშორისო კონფერენცია გახდება პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ევროპული ქვეყნებისა და საქართველოს ახალგაზრდა ინჟინრებს, შესაძლებლობას მისცემს ჩვენს სტუდენტებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს მეტად წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა და უნარები, მეტად გაეცნონ თანამედროვე საინჟინრო ტენდენციებს. მჯერა, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და ამავდროულად, აამაღლებს საინჟინრო განათლების ხარისხს.

მნიშვნელოვანი წარმატება განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ჩვენი უნივერსიტეტის პარტნიორს - საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოებას და მის ახალგაზრდულ ორგანიზაციას - „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტს”. მათ შეძლეს ჩვენი ქვეყნის, თავიანთი ორგანიზაციის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღირსეულად წარმოჩენა საერთაშორისო სივრცეში. ასევე, ვულოცავ კომიტეტის პრეზიდენტს, ახალგაზრდა ინჟინერ გიორგი მოლოდინს EYE-ის ვიცე-პრეზიდენტად არჩევას. ვიმედოვნებთ, კომიტეტი გააფართოებს საქმიანობას, დაამყარებს ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს როგორც ქართულ უნივერსიტეტებსა და პროფესიულ ორგანიზაციებთან, ასევე, ევროპულ უმაღლეს სკოლებთან თუ საინჟინრო წრეებთან და მათი სამომავლო წარმატება გახდება ძლიერი, თანამედროვე და ღია საინჟინრო თაობის ჩამოყალიბების მძლავრი წინაპირობა საქართველოში“, - აცხადებს დავით გურგენიძე.

ცნობისათვის, „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრები“ (EYE) არასამთავრობო ორგანიზაციაა 500 000-ზე მეტი წევრით ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად ფართოვდება, მიზნად ისახავს წარმომადგენლობის დაფუძნებას ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) წევრია.

სიახლეებში დაბრუნება