სტუ-ის რექტორი მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

სტუ-ის რექტორი მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

 

სტუ-ის რექტორი მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

20-04-2025
სტუ-ის რექტორი მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ქართველ ხალხს, სტუდენტებსა და კოლეგებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

„ძვირფასო თანამემამულენო, ქრისტიანებო, განსაკუთრებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებო, კოლეგებო, თანამშრომლებო, ყველას, ვინც საქართველოსა და მსოფლიოში დღეს მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს - გილოცავთ!

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული განსაკუთრებული სულიერი მნიშვნელობის დღესასწაულია ქრისტიანისთვის. იგი არის სიცოცხლის სიკვდილზე და ნათელის სიბნელეზე გამარჯვების სიმბოლო, რომელიც გვახსენებს რაოდენ დიდი ძალა აქვს უსაზღვრო სიყვარულს, თავგანწირვასა და მოწყალებას. 

ჩვენთვის, ქართველებისთვის, მართლმადიდებლობა ყოველთვის იყო, არის და იქნება სულიერი და ფიზიკური გადარჩენის გზა - საქართველოს ისტორია ამის ნათელი დადასტურებაა. როგორც ილია მართალმა ბრძანა, მამული, ენა და სარწმუნოება - ეს სამი სვეტი არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის საყრდენი, რაც ნიშნავს, რომ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის, კულტურისა და სულიერების დასაცავად. ეს კი გამოიხატება მეტ განათლებაში და ქვეყნის მშენებლობის სურვილით.

ძვირფასო სტუდენტებო, განსაკუთრებით მოგმართავთ თქვენ, მინდა შეგახსენოთ ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სიტყვები - „ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა“. საქართველომ გამოიარა გოლგოთა, ახლა ჩვენ აღდგომისა და აღმშენებლობის გზაზე ვდგავართ, ამდენად თქვენი, მომავალი თაობის ჭეშმარიტი რწმენა, ცოდნა და შრომა იქნება ჩვენი ქვეყნის წარმატების საფუძველი და გზა ძლიერი, განათლებული საქართველოსაკენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, დაე, აღდგომა იყოს თქვენთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის ქვეყნის გამთლიანების და წარმატებების მომტანი. 

მშვიდობა საქართველოს.

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! გილოცავთ!“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მილოცვაში.

სიახლეებში დაბრუნება