საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, სტუ-ის ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებითა და 161-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციის ჩართულობით, თბილისის 161-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა.
საჯარო ლექციაზე - „ადამიანის უფლებები დემოკრატიულ სახელმწიფოში“, რომელსაც ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი კახა ძაგანია და ლაბორატორიის კონსულტანტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა საგინაშვილი უძღვებოდნენ, მომხსენებლებმა განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებების გავლენა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს განვითარებასა და მათ გამოყენებაზე პრაქტიკაში.
როგორც კახა ძაგანიამ განაცხადა, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და სტუ-ის ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლობა საშუალებას იძლევა, სკოლის მოსწავლეებისათვის, მარადიულ ღირებულებებსა და საყოველთაო თუ განუყოფელ თემებზე საინტერესო და აქტუალური დისკუსიები ჩატარდეს.
მისივე თქმით, უფლებები თითოეული ადამიანის ღირსეულ არსებობას განაპირობებს, ამდენად, ადამიანის ძირითად უფლებებს საფუძვლად უდევს ღირსებისა და თანასწორობის ცნებები, უნივერსიტეტი კი ის სივრცეა, სადაც მომავალი თაობები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ მარადიულ, საყოველთაო და განუყოფელ საკითხზე - ადამიანის უფლებებზე.
„ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფად ცვალებად სამყაროში, სადაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად მთავრდება ჩვენი უფლებები და იწყება სხვისი. ვიცოდეთ, რომ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს შორის არ არის თვისობრივი განსხვავება. ორივე მათგანი ინდივიდს ანიჭებს გარკვეული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობას, ან იცავს გარე ზემოქმედებისგან. უფლება სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას აკისრებს და მისგან აქტიურ მოქმედებასა და უფლების დასაცავად სათანადო ზომების მიღებას მოითხოვს, ხოლო თავისუფლება, უპირველესად, თავად ადამიანებს ანიჭებს მოქმედების თავისუფლების შესაძლებლობას, სახელმწიფოს კი უზღუდავს ამ შესაძლებლობათა შეზღუდვას. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს“. კონსტიტუციის აღნიშნული დებულება წარმოადგენს კონსტიტუციური კანონმდებლის მიერ ადამიანის უფლებების, როგორც წინარესახელმწიფოებრივი ღირებულებების აღიარებისა და დაცვის ვალდებულებას. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, ადრეულ ასაკშივე ჰქონდეთ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე სიღრმისეული ინფორმაცია, რათა აღიზარდოს ახალი თაობა, რომელიც შეძლებს იყოს ლიდერი და მხარი დაუჭიროს ცვლილებებს“, - აღნიშნა კახა ძაგანიამ.
საჯარო ლექციის დასასრულს, ადამიანის უფლებების თემაზე შემეცნებით-გასართობი თამაში გაიმართა, რის შემდეგაც მოსწავლეებს საპატიო დიპლომები გადაეცათ.