საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ვაჟთა გუნდი ფუტსალში (დარბაზის ფეხბურთი) საუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებულია. სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის გუნდმა ფინალურ შეხვედრაში სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ტურნირის თასი მოიპოვა.
ტურნირი, რომელიც 2 თვეა მიმდინარეობს, წარმატებით დასრულდა და მასში უკლებლივ ყველა ფაკულტეტის სტუდენტურმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
გამარჯვებულ გუნდს საუნივერსიტეტო ტურნირის თასი, მედლები და დიპლომები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ და ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა გადასცეს.
ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი სხვადასხვა ტურნირში 2004 წლიდან მონაწილეობს და 20 წლის მანძილზე არაერთი გამარჯვება მოიპოვა.
სტუ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საუნივერსიტეტო ტურნირები მიმდინარეობს სპორტის სხვადასხვა სახეობებში.
ამ ეტაპზე ტურნირები დასრულებულია ბილიარდში (pool), ბოულინგში, კალათბურთსა და ფუტსალში. უახლოეს მომავალში ტურნირები დასრულდება მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთსა და სპორტის კიდევ რამდენიმე სახეობაში.
საუნივერსიტეტო ტურნირების ორგანიზატორია სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი. როგორც დეპარტამენტში აღნიშნავენ, საუნივერსიტეტო ტურნირებში გამარჯვებული სტუდენტები და გუნდები, სამომავლოდ, სხვადასხვა გარე ტურნირებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იასპარეზებენ, მათ შორის უნივერსიადასა და ახალგაზრდულ ფესტივალზე.
საუნივერსიტეტო სპორტული ღონისძიებების ჩატარების მიზანია სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ასევე, ახალგაზრდებს შორის მეგობრობის გაღრმავება, გუნდური უნარების განვითარება და საუკეთესო პიროვნული თვისებების გამოვლენა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შიდასაუნივერსიტეტო ტურნირების მონაწილე ახალგაზრდებს წარმატებებს უსურვებს და სტუდენტებს მოუწოდებს, შეუერთდნენ სპორტულ აქტივობებს, უქომაგონ თავიანთ გუნდებს და გამარჯვების სიხარული მათთან ერთად გაიზიარონ.