საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ვაჟთა გუნდი კალათბურთში საუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებული და თასის მფლობელია. ტურნირი, რომელშიც უკლებლივ ყველა ფაკულტეტის სტუდენტური გუნდები მონაწილეობდნენ, წარმატებით დასრულდა.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს „სამშენებლოს“ და „მედიატექნოლოგიების“ გუნდები დაუპირისპირდნენ. ტურნირზე მეორე ადგილი საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდმა მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზე არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის გუნდი გავიდა.
სტუ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საუნივერსიტეტო ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობებში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ტურნირები დასრულებულია ბილიარდში (pool), ბოულინგსა და კალათბურთში. უახლოეს მომავალში ტურნირები გაიმართება მაგიდის ჩოგბურთში, ფუტსალში, ფრენბურთსა და სპორტის სხვა სახეობებში.
საუნივერსიტეტო ტურნირების ორგანიზატორია სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი. როგორც დეპარტამენტში აღნიშნავენ, საუნივერსიტეტო ტურნირებში გამარჯვებული სტუდენტები და გუნდები, სამომავლოდ, სხვადასხვა გარე ტურნირებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იასპარეზებენ, მათ შორის უნივერსიადასა და ახალგაზრდულ ფესტივალზე.
საუნივერსიტეტო სპორტული ღონისძიებების ჩატარების მიზანია სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ასევე, ახალგაზრდებს შორის მეგობრობის გაღრმავება, გუნდური უნარების განვითარება და საუკეთესო პიროვნული თვისებების გამოვლენა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტურნირების მონაწილე ახალგაზრდებს წარმატებებს უსურვებს და სტუდენტებს მოუწოდებს, შეუერთდნენ სპორტულ აქტივობებს, უქომაგონ თავიანთ გუნდებს და მათთან ერთად გაიზიარონ გამარჯვების სიხარული.