„უნივერსიტეტის არჩევა არ არის მხოლოდ დაწესებულების შერჩევა. ეს უნდა იყოს გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ზრდას, სტუდენტს აღჭურავს წარმატებისთვის საჭირო ცოდნითა და უნარებით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სწავლის ადგილი — ის არის ცენტრი, სადაც ტრადიცია ხვდება ინოვაციებს და სადაც სტუდენტები მზად არიან, გახდნენ ლიდერები თავიანთ სფეროებში“, — ამის შესახებ სტუ-ის ყოფილი სტუდენტი თამთა ბრეგვაძე აცხადებს.
თამთა ბრეგვაძემ უმაღლესი განათლების ორივე საფეხური - ბაკალავრიატი და მაგისტრატურა - სტუ-ში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გაიარა.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, ასოცირებულ პროფესორ მამუკა გიორგაძის თქმით, უნივერსიტეტი წარმატებულ სტუდენტებს აძლევს საშუალებას თავიანთი ცოდნა მომავალ იურისტებსა და დიპლომატებს გაუზიარონ. დეკანის განცხადებით, თამთა ბრეგვაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც სწავლის დასრულების შემდეგ მშობლიური ფაკულტეტის თანამშრომელი გახდა.
„თამთა ბრეგვაძე იმ წარმატებულ სტუდენტთაგანია, რომელმაც კარიერული განვითარება თავის ალმა-მატერს დაუკავშირა. დღეს ის უფროს სპეციალისტად მუშაობს და, პარალელურად, მომავალ იურისტებს უზიარებს გამოცდილებას, უძღვება სემინარებს. სამართალმცოდნეობა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სფეროა, რომელიც არა მხოლოდ მცოდნე, არამედ ეთიკურ, ანალიტიკური აზროვნებისა და სამართლიანობისადმი თავდადებულ ინდივიდებს ითხოვს. თამთა სწორედ ასეთი კადრია, წარმატებებს ვუსურვებ მას“, — აცხადებს მამუკა გიორგაძე.
თამთა ბრეგვაძის თქმით, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო პროგრამას, რომელიც აერთიანებს თეორიულ ცოდნას პრაქტიკასთან. ფაკულტეტზე მოღვაწე მაღალკვალიფიციური პედაგოგები და მკვლევრები კი, სტუდენტებს კანონშემოქმედად და კანონის სამართლიან აღმსრულებლად ჩამოყალიბებაში ეხმარებიან.
„სწორედ ტექნიკურ უნივერსიტეტში მომეცა შესაძლებლობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში გაცვლითი პროგრამით წავსულიყავი იტალიაში, მილანის უნივერსიტეტში, რამაც გარდამტეხი მნიშვნელობა იქონია ჩემს კარიერულ თუ პიროვნულ განვითარებაზე.
ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ ამ ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობის სტილი მთლიანად მორგებული და ორიენტირებულია ახალგაზრდების ინტერესებსა და საუკეთესო წლების - სტუდენტური ცხოვრების პროდუქტიულად, სასიამოვნოდ გატარებაზე. უნივერსიტეტი უამრავ შესაძლებლობას იძლევა პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებიდან თუ იმიტირებული სასამართლო პროცესებიდან დაწყებული, იურიდიულ ფირმებსა და საჯარო უწყებებში სტაჟირებებით დათავრებული, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ თავიანთი ცოდნა და პრაქტიკაში განავრცონ. ეს გამოცდილება ფასდაუდებელია იურისტის პროფესიისთვის, საჭირო ნდობისა და გამოცდილების გასავითარებლად“, — ამბობს თამთა ბრეგვაძე.