„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ძლიერი პლატფორმაა წარმატებული ინჟინრებისა და ლიდერების ჩამოსაყალიბებლად“, - სტუ-ის კურსდამთავრებული

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ძლიერი პლატფორმაა წარმატებული ინჟინრებისა და ლიდერების ჩამოსაყალიბებლად“, - სტუ-ის კურსდამთავრებული

 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ძლიერი პლატფორმაა წარმატებული ინჟინრებისა და ლიდერების ჩამოსაყალიბებლად“, - სტუ-ის კურსდამთავრებული

04-03-2025
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ძლიერი პლატფორმაა წარმატებული ინჟინრებისა და ლიდერების ჩამოსაყალიბებლად“, - სტუ-ის კურსდამთავრებული
„მე ვარ ლევან ბულია, 28 წლის. მინდა გამოვხატო მადლიერება და პატივისცემა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მიმართ, რომელმაც მომცა მყარი საფუძველი და საშუალება, კარიერა საერთაშორისო მასშტაბის პროექტებზე განმევითარებინა. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ისტორია ინსპირაცია იქნება სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და მათ მისცემს დამატებით სტიმულს, არ შეუშინდნენ გამოწვევებს და დაისახონ ამბიციური მიზნები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ძლიერი პლატფორმაა წარმატებული ინჟინრებისა და ლიდერების ჩამოსაყალიბებლად, და მე ვამაყობ, რომ მისი კურსდამთავრებული ვარ“, - აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ლევან ბულია, რომელიც მონაწილეობს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და საინჟინრო თვალსაზრისით უნიკალურ პროექტ Fehmarn Belt Tunnel-ში, რომელიც დანიასა და გერმანიას 18-კილომეტრიანი წყალქვეშა გვირაბით დააკავშირებს. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის 2019 წლის კურსდამთავრებული ლევან ბულია 2025 წლიდან მუშაობს დანიის სუვერენულ სახელმწიფოში, კომპანიაში - FLC (Femern Link Contractors), სამუშაოთა ზედამხედველის პოზიციაზე. 

ლევან ბულიას თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულმა თეორიულმა ცოდნამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის კარიერაში, რასაც იყენებს ყოველდღიურ საქმიანობაში ისეთი მასშტაბური პროექტის, როგორიცაა Fehmarn Belt Tunnel მშენებლობისას.

ფეჰმარნ ბელტის წყალქვეშა გვირაბი არა მხოლოდ შეცვლის ევროპის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, არამედ შექმნის ახალ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს, შეამცირებს მგზავრობის დროს და გააუმჯობესებს ორ ქვეყანას შორის კავშირს. 

„Fehmarn Belt Tunnel-ის მშენებლობა მოიცავს ინოვაციურ საინჟინრო გადაწყვეტილებებს, მათ შორის, წინასწარ დამზადებული ბეტონის სეგმენტების გამოყენებას, რომლებიც შემდეგ ზღვის ფსკერზე თავსდება. გვირაბი შედგება 79 მონაკვეთისგან, თითოეული 217 მეტრი სიგრძისაა, მასა კი 73,000 ტონაა. ის მოიცავს როგორც სარკინიგზო, ასევე საავტომობილო გვირაბებს, რაც უზრუნველყოფს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ და ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო მარშრუტს. ჩემი როლი ამ პროექტში მოიცავს პოსტ-ტენშენინგის სამუშაოებს, გრაუტინგს, ექსტერნალური აუთფითინგის ელემენტების მონტაჟს და მუშახელის ზედამხედველობას. ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ სამუშაოები განხორციელდეს მაღალი ხარისხით, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით და პროექტის გრაფიკის მიხედვით. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რადგან გვირაბის თითოეული მონაკვეთის გამძლეობა და საიმედოობა დამოკიდებულია ამ პროცესებზე.

ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა იმ ცოდნისა და უნარების წყალობით, რომელიც უნივერსიტეტში შევიძინე. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო ჩემს ლექტორებს – ბატონ ირაკლი ქვარაიას, შახი ბაქანიძეს, ამირან საყვარელიძესა და ქალბატონ ნინო მსხილაძეს. მათი პროფესიონალიზმი, ცოდნის გადაცემის უნარი და მოტივაცია უმნიშვნელოვანესი იყო ჩემი წარმატებისთვის. მათი ლექციები არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას მაძლევდა, არამედ მასწავლიდა საინჟინრო აზროვნებას, პრობლემების ანალიზსა და მართვას – იმ უნარებს, რომლებიც ახლა ჩემი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია“, - აცხადებს ლევან ბულია.

ინფორმაციისთვის, გერმანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მსოფლიოში ყველაზე გრძელი და მასშტაბური წყალქვეშა გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს. გვირაბი კონტინენტურ ევროპას დანიის კუნძულ ლოლანდს დაუკავშირებს. მისი სიგრძე 18 კილომეტრი იქნება და მშენებლობა 2029 წელს დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება 7 მილიარდი ევროა.

სიახლეებში დაბრუნება