„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან შეხვედრა ჩემთვის ნამდვილი პატივი იყო. მიუხედავად ხანმოკლე ვიზიტისა, მივხვდი, რომ ეს ქვეყანა, თავისი ხალხით, მდიდარი და ამაყია. მადლობა უნივერსიტეტს და საზოგადოებას საქმიანი, მრავალმხრივ დატვირთული და თბილი შეხვედრებისთვის, რომლებზეც წარვადგინე „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ პლატფორმა, განვიხილეთ რეგიონში ახალგაზრდა ინჟინერთა სექტორის განვითარების გზები”, - ასე აფასებს საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ (the European Young Engineers - EYE) პრეზიდენტი პაულ ჯენკინსონი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტს.
საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ პრეზიდენტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტად იმყოფებოდა. პაულ ჯენკინსონი ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტს, პროფესორ ზურაბ გუდავაძეს შეხვდა.
ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში EYE-ის პრეზიდენტთან შეხვედრებს, რომელიც საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების (GSCE) ორგანიზებით ჩატარდა, ესწრებოდნენ სტუ-ისა და საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სამშენებლო ფაკულტეტების სტუდენტები და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების (GSCE) პრეზიდენტი, მშენებელ ინჟინერთა მსოფლიო საბჭოს (WCCE) აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი აზიის კონტინენტზე, WCCE-ის აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი საინჟინრო ორგანიზაციების მსოფლიო ფედერაციის (WFEO) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კომიტეტში, დოქტორი იური სვანიძე.