საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (პრეზიდენტი), პროფესორი ზურაბ გუდავაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ, ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს პრეზიდენტს პაულ ჯეკისონს შეხვდა.
ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრას, რომელიც საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების (GSCE) ორგანიზებით გაიმართა, სტუ-ისა და საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სამშენებლო ფაკულტეტების სტუდენტები ესწრებოდნენ, ასევე, საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების (GSCE) პრეზიდენტი, მშენებელ ინჟინერთა მსოფლიო საბჭოს (WCCE) აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი აზიის კონტინენტზე, WCCE-ის აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი საინჟინრო ორგანიზაციების მსოფლიო ფედერაციის (WFEO) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კომიტეტში, დოქტორი იური სვანიძე.
ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გახსნა. პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ მადლობა გადაუხადა ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს პრეზიდენტს და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების პრეზიდენტს.
როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოსთან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს შორის თანამშრომლობა შედგა უნივერსიტეტსა და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოებას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. თავის მხრივ, უნივერსიტეტს და საზოგადოებას მრავალმხრივი მიმართულებით მჭიდრო და ფართო სპექტრის კოლაბორაცია აკავშირებს.
ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭო, ევროპის მასშტაბით, აერთიანებს პროფესიონალ ინჟინერთა 22 საზოგადოებას, ნახევარმილიონზე მეტი წევრით და ყოველწლიურად ატარებს ან მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში. ამ ორგანიზაციასთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობა ნიშნავს ჩვენი სტუდენტებისთვის დამატებით შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. წარმატებებს ვუსურვებ უნივერსიტეტს, ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოსა და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოებას“, - აღნიშნა ზურაბ გუდავაძემ.
საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება 2024 წლიდან არის ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს წევრი ორგანიზაცია: „მეცნიერებთან ერთად საინჟინრო სექტორის განვითარებაზე დიდ როლს ასრულებს პროფესიული საზოგადოებები და ახალგაზრდა ინჟინრები.
ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს აქტიური წევრი და საბჭოსთან ერთად ჩავერთოთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციებში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი უნივერსიტეტთან ერთად 102 წელს ითვლის. ეს არის უძველესი სკოლა და იმედი მაქვს, როგორც საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტი, ასევე სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები გარკვეულ წვლილს შეიტანენ საინჟინრო სექტორში არსებული გამოწვევების გადაწყვეტაში“, - აცხადებს იური სვანიძე.
ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა საბჭოს პრეზიდენტმა პაულ ჯეკისონმა დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის სამოქმედო გეგმა გააცნო და გაწეული სამუშაოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.