საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტმა ლევან ოღაძემ, კადეტთა და ჭაბუკთა შორის პროფესიონალური კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე GFC-ის საჩემპიონო ტიტულისთვის, 90+ კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ორგანიზაციის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.
კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირში, რომელიც ერევანში (სომხეთი) 22-24 ნოემბერს K1 ვერსიით გაიმართა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიკბოქსინგის გუნდ „სტუ“-ის წევრმა, სტუდენტმა ლევან ოღაძემ მონაწილეობა ქართული საბრძოლო ორგანიზაცია GFC-ის ოფიციალური მიწვევის საფუძველზე მიიღო.
საერთაშორისო ტურნირში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, 200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიკბოქსინგის ცენტრ „სტუ“-ის ხელმძღვანელი და საუნივერსიტეტო გუნდის მწვრთნელი ლერი სუბელიანი აღნიშნავს, GFC-ის საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლაში ლევან ოღაძე ირანელ სპორტსმენს დაუპირისპირდა, მასთან სამი რაუნდი ჩაატარა, საბოლოო ჯამში, მოპოვებული ქულებით სძლია.
„საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა და გამარჯვება მრავალმხრივ მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო კიკბოქსინგის პოპულარიზაციისა და გუნდ „სტუ“-ში ახალგაზრდების მოსაზიდად.
მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს კიკბოქსინგის და, ზოგადად, საუნივერსიტეტო სპორტის განვითარების სრული მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენს გუნდს დიდ მოტივაციას უქმნის კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის“, - ამბობს ლერი სუბელიანი.
კიკბოქსინგის საუნივერსიტეტო გუნდი „სტუ“ რამდენიმე წელია აქტიურ წვრთნებს გადის.
გუნდში 37 სტუდენტი ირიცხება, მათ შორის 12 სპორტსმენი აქტიურად მონაწილეობს როგორც ამხანაგურ შეხვედრებში, ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებში.