საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების და საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სახელით, მეცნიერების საერთაშორისო დღეს ულოცავს ქართველ და უცხოელ კოლეგებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორებსა და მეცნიერებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს და ნაყოფიერ მოღვაწეობას უსურვებს.
„წელს 23 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც UNESCO-მ 10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. 2001 წლიდან, მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად ვიკრიბებით მეცნიერები, რათა ფართო საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია უახლესი მიღწევების შესახებ.
10 ნოემბერი ხაზს უსვამს მეცნიერების აქტუალობას ჩვენს ყოფით ცხოვრებაში. პროგრესი შეუძლებელია მეცნიერების გარეშე, - ეს უნდა გააცნობიეროს ახალმა თაობამ და გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომელსაც სახელმწიფო აძლევს.
საქართველოში მეცნიერებამ რთული გარდამავალი პერიოდი გაიარა. იყო დრო, როცა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარება სერიოზული რისკის ქვეშ იდგა.
დღეს, საბედნიეროდ, მეცნიერება არის საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მინისტრ ალექსანდრე წულაძის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული ნაწილი. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით, ხელისუფლების ინიციატივითა და მხარდაჭერით, არაერთი პროექტი ხორციელდება საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
მეცნიერების განვითარებაში, საქართველოს სწრაფ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობაში უდიდესი წვლილი შეაქვს მსოფლიო მნიშვნელობის მიღწევებისა და მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერთა გაერთიანებას, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, აკადემიკოს როინ მეტრეველის ხელმძღვანელობით.
დღეს ქართველი მეცნიერები მოღვაწეობენ ევროპის, აზიისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებსა და უდიდეს კვლევით ცენტრებში. ჩნდება მეტი შესაძლებლობა, გაცილებით მეტი მკვლევარი, მათ შორის ახალგაზრდა ჩაერთოს სამეცნიერო კვლევებში, ჩვენი რიგები ნიჭიერი ახალგაზრდა თაობით ივსება. წარმატებებს ვუსურვებ მათ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას გისურვებთ”, - აღნიშნულია აკადემიკოს დავით გურგენიძის მიმართვაში.
ინფორმაციისთვის: 10 ნოემბერს მეცნიერების საერთაშორისო დღის აღნიშვნის მთავარ მიზანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეცნიერების მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმა, მეცნიერების უახლესი განვითარების შესახებ მოქალაქეების ინფორმირება და ახალი სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენს.