საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, საჯარო ლექცია “კიბერჰიგიენა”, გაიმართა.
კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა, საჯარო ლექციაზე ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებს ინფორმაცია გააცნეს კიბერუსაფრთხოებისა და კიბერჰიგიენის პრაქტიკის, ჩვევებისა და ზომების ერთობლიობაზე, რომელიც გამოიყენება ცალკეული ინდივიდებისა და ორგანიზაციების მიერ კომპიუტერული სისტემების, მოწყობილობების, ქსელებისა და ონლაინ აქტივობების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და კიბერრისკების მინიმუმამდე შესამცირებლად.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, თანამედროვე სამყაროში ციფრული ინოვაციების მუდმივად განვითარების პირობებში პირადი თუ საქმიანი ინფორმაციის დაცვის საჭიროება სულ უფრო იზრდება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ოქტომბერში კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანია ჩატარდება, რაც, თავისთავად შეამცირებს რისკებს.
„მსოფლიო მასშტაბით, კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობის, მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისთვის კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გაზიარების და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის პოპულარიზაციას ეძღვნება. ყველა პროფესია მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს, 21- ე საუკუნეში, ყველა სეგმენტში წამყვანი დარგი ინფორმატიკა და მართვის სისტემებია. ციფრული ტექნიკა ჩვენი ყოველდღიურობის უცვლელი ნაწილია და საზოგადოება ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად ხდება მასზე დამოკიდებული, ამდენად, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი და ბუნებრივია, ეს პროცესი მხოლოდ ოქტომბერთან არ ასოცირდება”, - განაცხადა თალიკო ჟვანიამ.
საჯარო ლექციის დასასრულს, ციფრული მმართველობის სააგენტომ სტუდენტებისათვის სახალისო და შემეცნებითი კონკურსები მოაწყო.
გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, სადაც ასევე, ასახულია კიბერუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო რეკომენდაციები.