საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გამოცხადებული ერთჯერადი მოკლევადიანი ვაკანსიებით ისარგებლებენ და ინტერვიუერის პოზიციაზე დასაქმდებიან.
დასაქმების თაობაზე შეთავაზება სტუდენტებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე საქსტატის ხელმძღვანელობისგან მიიღეს.
ახალგაზრდებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა წარუდგინა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღწერის პროცესში საქსტატს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
როგორც რექტორმა აღნიშნა, 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროცესში საქსტატის მხრიდან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების პოტენციალის სათანადო გამოყენება, მეორე მხრივ, აღწერის მოცულობით საქმიანობაში მონაწილეობა სტუდენტებს კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის.
შეხვედრას, სტუდენტებთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი თამარ წერეთელი, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილი და თბილისის სტატისტიკის ბიუროს ხელმძღვანელი ირაკლი კახიძე.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მოსახლეობის აღწერა საქართველოში 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება, თუმცა ამინდის შესაძლო გაუარესებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის აღწერა მიმდინარე წლის 18 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება.
გოგიტა თოდრაძემ აღწერის მიზნებისა და ამოცანების, აღწერის ჩატარების თარიღის, მონაცემთა შეგროვების მეთოდების, მეთოდოლოგიისა და კითხვარის შინაარსის შესახებ სტუდენტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც მან აღნიშნა, სტუდენტებს აღწერის პროცესში ინტერვიუერის პოზიციაზე ჩართვის შესაძლებლობა სპეციალური ტრენინგის გავლის შემდეგ მიეცემათ. სამუშაოს შესასრულებლად ახალგაზრდებისთვის განსაზღვრულია თავისუფალი გრაფიკი, დასაქმების პერიოდი კი ორ კვირას მოიცავს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორთან ინტეაქციულ რეჟიმში წარიმართა.