სტუ, პირველად საქართველოში, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს

სტუ, პირველად საქართველოში, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს

 

სტუ, პირველად საქართველოში, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს

26-09-2024
სტუ, პირველად საქართველოში, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 2024 წლის 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესს უმასპინძლებს, რომელიც ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. 

საქართველო არის პირველი სახელმწიფო, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აღნიშნული მსოფლიო ფორუმი ჩატარდება, ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება პირველი მასპინძელი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოდან. ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესი, თემით „სიკეთის იდეა და ზნეობრიობა ჰეგელის ფილოსოფიაში“, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება. 

ჰეგელის ფილოსოფიისა და მისი რეცეფციის ისტორიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოება „ჰეგელის საერთაშორისო კონფერენციას“ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მართავს.

მისი ჩატარების უფლების მიღებას 4-8 წლამდე ვადა სჭირდება. თითოეულ კონკურსში, როგორც წესი, მოთხოვნას 3-4 სხვადასხვა ქვეყანა წარადგენს.

კონგრესი ფინანსდება ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების, ასევე, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა სამეცნიერო ფონდის მიერ. ცნობისათვის, ჰეგელის პირველ კონგრესს 1956 წელს ნიურნბერგმა (გერმანია) უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ რიგით 35-ე, საიუბილეო კონგრესის საქართველოში გამართვის შესახებ გადაწყვეტილება ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭომ 2022 წლის სექტემბერში, ზადარის უნივერსიტეტში (ხორვატია) ერთხმად მიიღო.

ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს სხდომას, რომლის შემადგენლობაც წარმოდგენილია ჰეგელის საზოგადოებისა და გერმანული კლასიკური ფილოსოფიის წამყვანი მეცნიერ-პროფესორებით სხვადასხვა ქვეყნიდან, ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და ამავე უნივერსიტეტის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი, რომელიც ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრია. 

პლენარულ სხდომებზე, როგორც წესი, მოწვეულები არიან ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოებისა და კლასიკური გერმანული ფილოსოფიის გამოჩენილი წარმომადგენლები მსოფლიო მასშტაბით. კონგრესის მონაწილეთა რაოდენობა, როგორც წესი, 450-ს არ აღემატება. 

ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესს გახსნის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

კონგრესის მონაწილეებს მიესალმებიან: ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი მირიამ გერჰარდი; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, ასევე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროების ხელმძღვანელი პირები; სტუ-ის ვიცე-რექტორი თამარ ლომინაძე; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ივანე ჯაგოდნიშვილი და სხვა ქართველი და უცხოელი მეცნიერები.

ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესზე ძირითად მომხსენებელთა რანგში წარდგებიან პროფესორები: ანდრეას არნდტი (ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი); შტეფან გოზეპატი (ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი); ქრისტოფ მენკე (ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი); თეო კობუში (ბონის რაინის ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი) უორენ მონტაგი (Occidental College); ნიკლაუს ლარგიერი (კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი); აქსელ ჰონეტი (კოლუმბიის უნივერსიტეტი); ვიოლეტა ვაიბელი (ვენის უნივერსიტეტი); გიგა ზედანია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი); ლაშა ბრეგვაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); ფრანჩესკა იანელი (რომა ტრეს უნივერსიტეტი).

კონგრესი 5 დღის განმავლობაში 8 სექციად იმუშავებს: 

  • სიკეთე და ზნეობრიობა: ლოგიკური, რელიგიურ-ფილოსოფიური და სახელმწიფოს თეორიული განზომილებები; 
  • სიკეთე და ზნეობრიობა ჰეგელის სულის ფილოსოფიაში და ბუნების ფილოსოფიაში; 
  • აღიარება როგორც თავისუფლების განხორციელების პრინციპი; 
  • სუბიექტი, როგორც ლოგიკური ცნება: შედეგები სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის; 
  • სიკეთე და ზნეობრიობა სამართლის ფილოსოფიური პერსპექტივიდან; 
  •  ომი და საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპი ჰეგელის „სამართლის ფილოსოფიაში“; 
  • ჰეგელის ფილოსოფიის რეცეფცია საქართველოში და გერმანიის ფარგლებს გარეთ; 
  • ბუნება VS კულტურა სიკეთის იდეის კონტექსტში.

კონგრესის მასალები ჰეგელის წელიწდეულში, Hegel-Jahrbuch-ში გამოქვეყნდება.

კონგრესის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები, რომლებიც სტუ-ის ადმინისტრაციულ შენობაში, ივანე ჯავახიშვილის დარბაზის სცენაზე გაიმართება.

სპეციალურად კონგრესის მონაწილეთათვის და მოწვეული სტუმრებისთვის, 30 სექტემბერს, 19:00 საათზე, შედგება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სახელოვნებო ჯგუფების კონცერტი. პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ჯაზური, ფოლკლორული და საესტრადო ხელოვნების ნიმუშები. 
 
3 ოქტომბერს, 20:00 საათზე კი, გაიმართება პიანისტის, პროფესორ ვლადიმირ სტუპელის მუსიკალური შესრულება „ზნეობრიობის შესახებ მუსიკაში“, რომელზეც ის წარადგენს ფრანგულ-გერმანულ პროგრამას რობერტ შუმანის, იოჰანეს ბრამსის და პოლ დიუკას ნაწარმოებებით, ასევე, ისაუბრებს მუსიკისა და ფილოსოფიის ურთიერთმიმართებაზე. 

ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესის ჩატარების ადგილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მე-3 სართული (მისამართი: მერაბ კოსტავას 77);

კონგრესის გახსნის თარიღი და დრო: 2024 წლის 30 სექტემბერი, 09:00 სთ.

ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კონგრესის ვებგვერდზე და კონგრესის სოციალურ მედიაში


სიახლეებში დაბრუნება