საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ერეკლე კეჟერაშვილმა მოაწერეს ხელი.
ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ სტუ-ის და სააგენტოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის რკინიგზის ტრანსპორტის პროგრამის სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები, გახსნა ვიცე-რექტორმა.
როგორც თამარ წერეთელმა აღნიშნა, უნივერსიტეტისა და სააგენტოს პარტნიორობა ფაკულტეტისა და, შესაბამისად, სტუდენტებისთვის ნაყოფიერი და მრავალმხრივი იქნება და არაერთი წარმატების მომტანი გახდება.
ცნობისათვის - სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ისტორია 1928 წლიდან იწყება. ფაკულტეტზე ხორციელდება საქართველოსა და ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებზე ორიენტირებული, მულტიდისციპლინური საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის, ისეთი პროგრამები, რომელთაც საქართველოში ანალოგები არ გააჩნია.
„ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი ჩვენს უნივერსიტეტსა და სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს შორის მყარი პარტნიორობის გარანტი გახდება, რაც საშუალებას მოგვცემს, ერთობლივად ვიზრუნოთ ახალგაზრდა, კონკურენტუნარიანი პროფესიონალი კადრების მომზადებაზე.
თანამშრომლობა მოიცავს სააგენტოს მიერ უნივერსიტეტისთვის ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას, უნივერსიტეტში მოქმედი „კვლევებისა და ინოვაციების მხარდამჭერი პროგრამის“ (ReINNOVA) ფარგლებში თანამშრომლობას, რაც სამეცნიერო ღონისძიების ერთობლივად გამართვის შესაძლებლობას, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერასა და ზოგადად, რკინიგზის დარგის განვითარებას გულისხმობს,“ - განაცხადა თამარ წერეთელმა.
ვიცე-რექტორმა ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან ერთობლივ ღონისძიებებზე, რომელთა განხორციელება მემორანდუმის ფარგლებში უახლოესი მომავლიდან დაიწყება. თამარ წერეთლის განცხადებით, რეგულარულ ხასიათს მიიღებს მეცნიერთა და სტუდენტთა მონაწილეობით ერთობლივი სამეცნიერო დისკუსიები, სიმპოზიუმები, კონფერენციები, ტრენინგები და სემინარები.