საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით ბათუმში გამართული „საზაფხულო სკოლის - ლაბორატორიული უნარ-ჩვევების ამაღლება ბიოქიმიისა და იმუნოლოგიის მიმართულებით“ ათდღიანი სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს, რომლებშიც მონაწილეობდნენ სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, ქიმიური და მეტალურგიის ფაკულტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და მკვლევრები.
როგორც სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძეს აღნიშნავს, საზაფხულო სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებში თანამედროვე ლაბორატორიული პრაქტიკუმების დანერგვას და გაუმჯობესებას.
დეკანის ინფორმაციით, სწავლების ეს მეთოდი მნიშვნელოვანია მონაწილეებში ისეთი უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად, როგორიცაა: კრიტიკული ანალიზისა და ახალი იდეების გენერირება, პროფესიულ სფეროში მიღებული შედეგების წარდგენა და განხილვა და ლაბორატორიული კვლევის ორგანიზება და ანალიზი.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ლექტორების, ლაბორანტებისა და სტუდენტების თეორიული და პრაქტიკული გადამზადება თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდებით ბიოქიმიისა და იმუნოლოგიის მიმართულებით და პრაქტიკული უნარ-ჩვევების წილის გაზრდა საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებების სწავლებაში.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებმა საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებებისადმი ინტერესი გამოხატეს. საზაფხულო სკოლის ეს კურსი მონაწილეებს საშუალებას აძლევს, სრულად დაეუფლონ ლაბორატორიულ უნარ-ჩვევებს ბიოქიმიისა და იმუნოლოგიის მიმართულებით, ასევე, გაიუმჯობესებენ აპარატურასთან მუშაობის ტექნიკა, რაც საშუალებას მისცემს მათ, გაიღრმაონ ცოდნა შესაბამის მიმართულებებში და დანერგონ ახალი სასწავლო მეთოდები უნივერსიტეტებში. მადლობას ვუხდი საზაფხულო სკოლის მენტორებს - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორს, ქრისტინე მუსელიანს და ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორს, თამრიკო ხობელიას. წარმატებებს ვუსურვებ კოლეგებს და სტუდენტებს“, - აცხადებს ედიშერ კვესიტაძე.
ცნობისათვის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით ბათუმში საზაფხულო სკოლა ყოველწლიურად ტარდება.