საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, კურსდამთავრებულს, ძიუდოისტ ილია სულამანიძეს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მოპოვებას ულოცავს.
სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სამრეწველო ინჟინერიის და ტექნოლოგიის ბაკალავრმა ილია სულამანიძემ პარიზის ოლიმპიადაზე გამარჯვებით საქართველოს მე-2 ვერცხლი მოუტანა.
„ახლა მსოფლიოს ყურადღება და ვნებათაღელვა პარიზის ოლიმპიადისკენ არის მიმართული. ჩვენი კურსდამთავრებულის, ძიუდოისტ ილია სულამანიძის ღირსეული გამარჯვება განუზომელი სიხარულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, მთელი ჩვენი ქვეყნისთვის! ვულოცავთ ილიას ოლიმპიურ ვერცხლს, დიდ საერთაშორისო აღიარებას და ოლიმპიელის საპატიო ტიტულს! გვჯერა, სამომავლოდ, ილია სულამანიძე ახალ მწვერვალებს დაიპყრობს, ჩვენს ქვეყანას არაერთ გამარჯვებას მიუძღვნის, გულშემატკივარს კი დაუვიწყარ სიხარულს და ბედნიერ წუთებს განაცდევინებს“, - აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.
ძიუდოისტი ილია სულამანიძე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. პარიზის ოლიმპიადის 1/4 ფინალურ შეხვედრაში სულამანიძემ მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ აარონ ვულფს ვაზარით სძლია, ნახევარფინალში გადავიდა, მეტოქეობა შვეიცარიელ დანიელ აიხს გაუწია, რომელიც 11 წამში იპონით დაამარცხა, რის შემდეგაც, აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან შეუპოვარ ფინალურ ორთაბრძოლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.