პროექტი “ქალთა ტექ ჰაბი“ აქტიურად გრძელდება

პროექტი “ქალთა ტექ ჰაბი“ აქტიურად გრძელდება

 

პროექტი “ქალთა ტექ ჰაბი“ აქტიურად გრძელდება

17-06-2024
პროექტი “ქალთა ტექ ჰაბი“ აქტიურად გრძელდება

პროექტი „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში - ქალთა ტექ ჰაბი“ კულმინაციას უახლოვდება. თუმცა, უახლოეს დღეებში დაგეგმილია ორი მთავარი ღონისძიება. 

პროექტით გათვალისწინებული აქტივობების საშუალებით, ჩვენი სტუდენტები გულმოდგინედ სწავლობდნენ და ივითარებდნენ უნარებს ხუთ ძირითად სფეროში. კერძოდ: მეწარმეობა, მენეჯმენტი, Web ტექნოლოგიები, გრაფიკული დიზაინი და მარკეტინგი. კურსებმა სტუდენტები ცოდნითა და თავდაჯერებულობით აღჭურვა, რათამომავალში სიახლეები დანერგონ და წარმატებას მიაღწიონ ტექსამყაროში.

მეწარმეობის დღე - 19 ივნისი

შემოგვიერთდით 19 ივნისს, მეწარმეობის დღის ღონისძიებაზე, რომელიც ჩვენი სტუდენტების კრეატიულობის, ინოვაციურობისა და სამეწარმეო ენთუზიაზმის ნათელი დემონსტრაცია იქნება. ამ ღონისძიებაზე წარდგებიან მომხსენებლები, გაიმართება ინტერაქტიური სემინარი (კანვას ბიზნესმოდელზე სამუშაოდ), პანელური დისკუსიები სამეწარმეო სფეროს ქალ წარმომადგენელთან და გაიცემა, ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი, სერტიფიკატები. ეს არის ფანტასტიკური შესაძლებლობა ჩვენი მონაწილეებისთვის, წარმოაჩინონ ის, რაც ისწავლეს და დაუკავშირდნენ ამ სფეროს წარმომადგენელს. 

ინოვაციური იდეების კონკურსი - 21 ივნისი

21 ივნისს Women’s Tech Hub-ი „ინოვაციური იდეების კონკურსს“ უმასპინძლებს. ჩვენი ახალგაზრდა ნოვატორები თავიანთ ინოვაციურ იდეებს ჟიურის წინაშე წარადგენენ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუ-ს ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და სურთ თავიანთი იდეები რეალურ ბიზნეს პროექტებად აქციონ. 

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, შესაბამისად, 300, 200 და 100-დოლარიანი სიმბოლური ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. ეს კონკურსი არ არის ბრძოლა გამარჯვებისთვის, არამედ ჩვენი მომავალი ლიდერების ინოვაციური პოტენციალისა და შემოქმედებითი აზროვნების დემონსტრირებაა.

ორივე ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 19 ივნისს 10:00 საათამდე. 

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 02 12 04 - თორნიკე

აქვე აღვნიშნავთ, რომ „ინოვაციური იდეების კონკურსში“ მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში „მეწარმეობის დღე 2024“-ში მონაწილეობა სავალდებულოა. 

ერთად ვადევნოთ თვალი ჩვენი სტუდენტების პირველ ნაბიჯებს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენისაკენ.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში - ქალთა ტექ ჰაბი“, დაფინანსებულია და  ხორციელდება აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის 2023 წლის მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში. პროექტს კოორდინაციას უწევს  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი.

სიახლეებში დაბრუნება