საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეების სახელით, რექტორი დავით გურგენიძე, ჰიდროლოგის, გეოგრაფის, მეცნიერის, სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორის თენგიზ ცინცაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეთხოვება ცნობილ მეცნიერს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დარგობრივი კომისიის ექსპერტს, თენგიზ ცინცაძეს.
ბატონი თენგიზი წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ქართულ მეცნიერებას, ისეთ რთულ და საჭირო მიმართულებას, როგორიცაა, ჰიდროლოგია. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრობლემების, მდინარეთა აუზების ძირითადი ბუნებრივი რესურსების, ფუნქციებისა და ინტეგრირებული მართვის მექანიზმების შესწავლასა და გადაჭრაში და ა.შ.
თენგიზ ცინცაძე თითქმის ნახევარი საუკუნე მოღვაწეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში. იყო ღირსების მედლის და ღირსების ორდენის კავალერი. 2023 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის დაჯილდოვდა ,,ოქროს მედლით“.
თენგიზ ცინცაძე იყო მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა თუ სიმპოზიუმის მონაწილე. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 4 მონოგრაფია. მისი სამეცნიერო კვლევები ძირითადად ეძღვნებოდა საქართველოს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მარაგის და მისი ცვლილების შეფასებას, კლიმატის გლობალურ დათბობაზე მზარდი ანთროპოგენური დატვირთვის გავლენას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მწუხარებას გამოვთქვამ თენგიზ ცინცაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებს, სტუდენტებსა და კოლეგებს.
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული”, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის სამძიმრის წერილში.