საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბიტურიენტებს STEM საგნებში მოსამზადებელ, უფასო ონლაინ კურსებს სთავაზობს. აღნიშნული კურსები მიზნად ისახავს, აბიტურიენტების ორი მოდულის მიხედვით - „მათემატიკა + ფიზიკა“ ან „მათემატიკა + ქიმია“ მომზადებას.
ორივე მოდულში წამყვანი საგანი მათემატიკაა, თუმცა მასთან ერთად სტუ აბიტურიენტებს STEM-ის კიდევ ერთი საგნის, ფიზიკის ან ქიმიის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. ამ ორი დამატებითი საგანიდან, რომელს შეისწავლის აბიტურიენტი, მის არჩევანზეა დამოკიდებული.
კატეგორია „აბიტურიენტში“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოიაზრებს სხვადასხვა ქალაქებისა და რეგიონების სკოლების დამამთავრებელი (მე-11 და მე-12) კლასის მოსწავლეებს. ასევე, 20 წლის ჩათვლით სკოლადამთავრებულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ სწავლობენ უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში.
STEM კურსებზე რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://abiturienti.gtu.ge/
კურსებზე სწავლა 20 მარტიდან დაიწყება.