„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა რიგებს, ქართველ იურისტთა დიდ ოჯახს გამოაკლდა ღირსეული მამულიშვილი, ადამიანი, რომლის ღვაწლი სამშობლოსა და ერის წინაშე განუზომელია.
დიდია ჯემალ გახოკიძის ღვაწლი კონფლიქტების მოგვარებისა და პოსტკონფლიქტური სახელმწიფოებრიობის მშენებლობის საერთაშორისო გამოცდილების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივებისა და შერიგების პოლიტიკის მიმართულებით.
ბატონი ჯემალის ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „კონფლიქტების დარეგულირების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ მიერ პროექტის – „საქართველოს აფხაზეთი და ჩინეთის ჰონკონგი (ძიებანი კონფლიქტის დარეგულირებისათვის) – ფარგლებში მომზადდა ნაშრომი: „ჰონგ-კონგი, ჩინეთი – 1997“, რომელმაც განსაკუთრებული და ღრმა წიაღსვლებით, უმალ მიიპყრო მკვლევრებისა და დარგის სპეციალისტთა ყურადღება. ქართულ რეალობაში ეს პირველი ფუნდამენტური ნაშრომია - მანამდე ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგის მშვიდობიანი გზით მიერთების შესახებ საქართველოში კვლევა არ ჩატარებულა. მეტიც, ქართულ ენაზე არ თარგმნილა ის ფუნდამენტური დოკუმენტები, რომლებსაც აღნიშნული მიერთების აქტი დაეფუძნა.
ბატონ ჯემალ გახოკიძეს ჰქონდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკუთარი ინოვაციური ხედვა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი ამოსავალი წერტილი, უპირველეს ყოვლისა, ქართველ, აფხაზ და ოს ხალხებს შორის მშვიდობიანი, გულწრფელი დიალოგი და დაკარგული ნდობის დაბრუნებაა. ამ მიმართულებით ჯემალ გახოკიძემ, სტუდენტებთან და კოლეგებთან ერთად, არაერთი კვლევა ჩაატარა, რამაც მის ნაშრომებში ჰპოვა ასახვა.
პროფესორ ჯემალ გახოკიძის სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგები თავმოყრილია 30 სამეცნიერო სტატიაში, ხუთ სახელმძღვანელოსა და ერთ დამხმარე სახელმძღვანელოში, 50-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომში, 100-მდე საგაზეთო სტატიასა და 2 მონოგრაფიაში; არის კრიმინალისტიკის კურსის თანაავტორი.
პროფესორ ჯემალ გახოკიძის სახელმძღვანელოებზე მრავალი თაობა აღიზარდა. მისი მონოგრაფიები დარგის მეცნიერთა და სპეციალისტთა სამაგიდო წიგნებია. მისი მოწაფეები დღეს აღიარებული იურისტები და სპეციალისტები არიან.
ჯემალ გახოკიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1972 წელს. 1973-1997 წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში იკავებდა გამომძიებლის, დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მინისტრის მოადგილის თანამდებობებს; 1997-1998 წლებში იყო სახელმწიფო უშიშროების მინისტრი; 1999-2004 წლებში კი - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.
2004-2005 წლებში, ჯემალ გახოკიძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო; 1989-2004 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 2004-2009 წლებში - სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, კითხულობდა ლექციებს სისხლის სამართალში, სისხლის სამართლის პროცესსა და კრიმინოლოგიაში; 2009 წლიდან იყო სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
1997 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. იყო საერთაშორისო რეფერირებადი გამოცემების - „თემიდა“, „ბიზნესინჟინერინგი“ და ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ელექტრონული ჟურნალი - სარედაქციო კოლეგიის წევრი.
2010-დან 2024 წლის თებერვლამდე, პროფესორი ჯემალ გახოკიძე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) სპიკერი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხისა და ღირსების ორდენით, ასევე, სხვა სამთავრობო ჯილდოებით.
პროფესორი ჯემალ გახოკიძე სხვადასხვა სამიტისა და 30-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის მონაწილე იყო. გავლილი აქვს სპეციალური კურსები და ტრეინინგები ტერორიზმის, ნარკოტიზმის, კორუფციის და სამართალდაცვის სისტემის რეფორმების მიმართულებით: ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროში (ვაშინგტონი), უნგრეთში - გამოძიების ფედერალური ბიუროს ოფისში (ბუდაპეშტი), საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა (პარიზი) და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (გარმიში).
სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებთ ბატონი ჯემალ გახოკიძის ოჯახს.
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი და მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა!“