საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „მთავარი არხის“ სიუჟეტს ეხმიანება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „მთავარი არხის“ სიუჟეტს ეხმიანება

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „მთავარი არხის“ სიუჟეტს ეხმიანება

12-11-2023
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „მთავარი არხის“ სიუჟეტს ეხმიანება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემაში - „მთავარი შაბათს“ გასულ სიუჟეტს ეხმიანება.

ჟურნალისტების მხრიდან ადგილი ჰქონდა უსუსურ მცდელობას, საზოგადოების სამსჯავროზე უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამა გამოეტანათ და საზოგადოების აგრესია იმ დოქტორანტებისკენ მიემართათ, ვინც აღნიშნულ პროგრამაზე სწავლასა და კვლევებს აგრძელებს, შედეგად კი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დისკრედიტაცია მოეხდინათ.

„ჟურნალისტების - გადაცემა „მთავარი შაბათს“  წამყვანისა და სიუჟეტის ავტორის მცდელობამ - პირდაპირი თუ ირიბი, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, უსუსური და ცილისმწამებლური ბრალდებებით, ობიექტურობას ამოფარებული დეზინფორმაციული ხრიკებით შეელახათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი სამეცნიერო-აკადემიური წრეების სახელი, გამიზნულად მოეხდინათ კონკრეტულ სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესის დისკრედიტაცია - რბილად რომ ვთქვათ, მოულოდნელი კომიკური ელფერი შესძინა სიუჟეტს, რაც საზოგადოების ობიექტურად განწყობილ და ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილში სიუჟეტის ავტორების მიმართ მხოლოდ ირონიას თუ აღძრავს.

ღიმილს იწვევს გამოცდილი ჟურნალისტების ბრალდება და შეფარული აქცენტები თუნდაც იმის შესახებ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამა სულ უფრო მოთხოვნადი ხდება და პროგრამაზე ჩაბარების მსურველები მრავლად არიან, რაც ობიექტურად, აღნიშნული სადოქტორო პროგრამის დიდი წარმატებაა. სიუჟეტი გადატვირთულია მსგავსად კომიკური და ყურით მოთრეული არაერთი ბრალდებით, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე, იმ დოქტორანტების მიმართ, რომლებიც საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობენ, რაც უნებურად, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ თითქმის 9-წუთიანი სიუჟეტი მხოლოდ საეთერო სივრცის შევსების მიზნით მომზადდა, რადგან გადაცემა სერიოზული თემების ნაკლებობას განიცდიდა.

რაც შეეხება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, პლურალიზმის პრინციპების გათვალისწინებით, მისი კარი ყოველთვის ღიაა ნებისმიერი მოქალაქისთვის, ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდებისთვის - განურჩევლად ეროვნებისა, მრწამსისა ან პარტიული მიკუთვნებისა - ვისაც სურს ცოდნა გაიღრმავოს, პრაქტიკული უნარები განივითაროს, პროფესიონალად ჩამოყალიბდეს და მეცნიერებას ეზიაროს.

გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპების სრული დაცვით, მზად არის, დაინტერესებული მედისაშუალებები, წინასწარი მოთხოვნის საფუძველზე, საუნივერსიტეტო სივრცეში სადოქტორო პროგრამებზე მისაღებ გამოცდებს დაასწროს, ასევე, საგამოცდო კომისიების მუშაობის მონიტორინგის შესაძლებლობა მისცეს“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებაში. 

სიახლეებში დაბრუნება