სტუ-ში ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დღე აღინიშნა

სტუ-ში ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დღე აღინიშნა

 

სტუ-ში ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დღე აღინიშნა

16-10-2023
სტუ-ში ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დღე აღინიშნა


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დღე აღინიშნა.

ინსტიტუტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ასევე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი გიორგი ჯაფარიძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მეცნიერ-თანამშრომლებს  მიულოცა ინსტიტუტის დღე და წარმატებები უსურვა მათ. როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, მალე ინსტიტუტში მთელი სიმძლავრით ამუშავდება მაღალი წარმადობის მქონე გამოთვილითი კომპლექსი, რომელიც ინსტიტუტმა ევრო-გრანტის და შოთა რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით შეიძინა.

„ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი 76 წლისაა. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით, სადაც მაღალკვალიფიციური მეცნიერები მოღვაწეობენ. ყველაზე სასიხარულოა ის, რომ ღვაწლმოსილი მეცნიერების გვერდით ახალი თაობა დგას, რომელსაც ყველა პირობა აქვს საქართველოს, სტუ-ისა და გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სახელი მსოფლიოს გააცნონ. საკმარისია გავიხსენოთ ინსტიტუტის ერთ-ერთი გამარჯვება, რაც უკავშირდება ევროკომისიის „Horizon Europe”-ს პრესტჟულ საერთაშორისო გრანტს. ინსტიტუტმა მოიპოვა გრანტი და მეცნიერები კვლევებს ატარებენ გერმანელ და ფრანგ სამეცნიერო წრეებთან ერთად. რაც მთავარია, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სტრატეგიული ნაბიჯების გადაგდმა საქართველოს ინტეგრირების მიმართულებით ევროპულ სისტემაში, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ევროპის ლიდერობა ხელოვნური ინტელექტის დღევანდელ და მომავლის ტექნოლოგიებში. მინდა ინსტიტუტის ყველა თანამშრომელს, ძველი და ახალი თაობის მეცნიერებს ინსტიტუტის დღე მივულოცო და წარმატებები ვუსურვო“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ვახტანგ კვარაცხელიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ინსტიტუტის დღის დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული მეცნიერის მიმართ იჩენს.

როგორც ვახტანგ კვარაცხელიამ აღნიშნა გასული საუკუნის 50-იან წლებში ნიკო მუსხელიშვილმა სწორად განჭვრიტა გამოთვლითი მათემატიკისა და ინფორმატიკის განვითარების პერსპექტივები და მნიშვნელობა, როგორც წმინდა მეცნიერული, ასევე გამოყენებითი თვალსაზრისით. ნიკო მუსხელიშვილის დამსახურებით საქართველოში, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, მათემატიკის ინსტიტუტი ერთ-ერთი პირველი გაიხსნა. გამოთვლითმა ცენტრმა დაიკავა განმსაზღვრელი ადგილი საქართველოში ელექტრონული გამოთვლითი ტექნიკის ათვისების, მისი გამოყენების ტრადიციების ჩამოყალიბებისა და დამკვიდრების საქმეში.

„დღეისათვის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით და საინფორმაციო-ანალიტიკური ტიპის თანამედროვე დაწესებულებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების პირობებში ახალი ცოდნის მოპოვებას, გავრცელებას და გამოყენებას ფუნდამენტური, ტექნოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის სფეროში. ინსტიტუტში აღზრდილი მრავალი სპეციალისტი დღესაც წარმატებით საქმიანობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. თავისი არსებობის მანძილზე გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი იყო და არის სამეცნიერო დაწესებულება, სადაც მიმდინარეობს კვლევები გამოთვლითი მეთოდების, სტოქსტური ანალიზის, მათემატიკური მოდელირებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე ინსტიტუტში შესაძლებელია ისეთი სამუსაოების ჩატარება, როგორიცაა, მაგალითად, ბუნებრივი ან ტექნიკური ხასიათის კატასტროფის შემთხვევაში მოვლენათა შემდგომი შესაძლო განვითარების ანალიზი, სატრანსპორტო სისტემების ფუნქციონირების რეგულირება, გადაწყვეტილებათა მირების მხარდამჭერი და კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით და მრავალი სხვა. მინდა ჩვენი ინსტიტუტის თითოეულ თანამშრომელს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ინსტიტუტის წარმატებაში, დიდი მადლობა გადავუხადო დაუღალავი შრომისთვის. გილოცავთ ინსტიტუტის დღეს“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში ვახტანგ კვარაცხელიამ.

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დღე კოლეგებს მიულოცეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა ვლადიმერ პაპავამ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა გიორგი ჯაფარიძემ.

ღონისძიების დასასრულ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა  საპატიო დიპლომები გადასცა ნიკო მუსხელიშვილის გამოთვილითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს გიორგი გიორგობიანს და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს ჰამლეტ მელაძეს.

სიახლეებში დაბრუნება