სტუდენტს

ნიკო ნიკოლაძის კლუბი

ნიკო ნიკოლაძე - ადამიანი, რომელმაც გაუსწრო დროს და საქართველოში საინჟინრო და ტექნოლოგიური სიახლეები ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა.

ვინ, თუ არა ნიკო ნიკოლაძე იყო 1922 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მაშინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაარსების ინიციატორი. დიდ ივანე ჯავახიშვილთან ერთად, ნიკო ნიკოლაძე შესანიშნავად ხედავდა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი იყო განათლებული, სიახლეებთან ნაზიარები ინჟინრებისა და ტექნოლოგების გაზრდა.

სიახლეები და ინოვაცია - იყო და არის პროგრესისა და განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა და ამიტომ, 2023 წლის 25 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტების ინიციატივით, ნიკო ნიკოლაძის კლუბი დაფუძნდა.

ნიკო ნიკოლაძის კლუბი წარმოადგენს სტუდენტთა დამოუკიდებელ გაერთიანებას, სადაც შევიკრიბეთ ის ახალგაზრდები, ვისთვისაც ღირებულია იდეები და ფასეულობები, რისთვისაც იღვწოდა ცნობილი საზოგადო მოღვაწე, რომლის სახელსაც უკავშირდება საქართველოში რეალიზებული, იმ დროისთვის წარმოუდგენელი არაერთი ინოვაციური პროექტი. ჩვენ განვიხილავთ საინჟინრო თემების ფართო სპექტრს, ვიმუშვებთ ერთად და შევქმნით ინტერდისციპლინურ საინჟინრო და ტექნოლოგიურ პროექტებს, თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ.

შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ თანამოაზრეებს - მოტივირებულ, სიახლის ძიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს! ჩვენი ძალების, ცოდნის, მსოფლმხედველობის გაერთიანებით ჩვენ შევძლებთ ნიკო ნიკოლაძის გზის პირნათლად გაგრძელებას და ჩვენი წვლილის შეტანას ქვეყნის აღმშენებლობაში! ძალა ერთობაშია!

რეგისტრაცია