სტუ

გასული საუკუნის 30-იან წლებში, კერძოდ 1931 წელს თბილისში შეიქმნა ამიერკავკასიის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი, ხოლო შემდგომ 1936 წელს მის ბაზაზე ჩამოყალიბებულ იქნა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი, რომელშიც იმ დროისათვის ჩამოყალიბებული იყო 5 ფაკულტეტი: რკინიგზების ექსპლუატაციის; რკინიგზების მშენებლობის; მექანიკური; ელექტროტრანსპორტის; სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის. ინსტიტუტში ფუნქციონირებდა 18 კათედრა. ინსტიტუტი განთავსებული იყო სტუ-ს დღევანდელ I სასწავლო კორპუსში. მისი კაბინეტ-ლაბორატორიები აღჭურვილი იყო იმ დროისათვის არსებულ უმაღლეს ტექნიკურ დონეზე.

1959 წელს მოხდა აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანება საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), სადაც ჩამოყალიბებულ იქნა #58 „ვაგონმშენებლობის, სავაგონო მეურნეობის და სარკინიგზო ტრანსპორტზე გადაზიდვის პროცესების მართვის“, #62 „ელექტრული ტრანსპორტი“-ს და #100 „სარკინიგზო ავტომატიკის, ტელემექანიკის და კავშირგაბმულობის“ კათედრები. 2006 წელს სტუ-ში სტრუქტურული  რეორგანიზაციის შედეგად მოხდა სატრანსპორტო ფაკულტეტის და მექანიკა მანქანათმშენებლობის ფაკულტეტების გაერთიანება და ეწოდა სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი (ამჟამად სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი), სადაც ზემოჩამოთვლილი კათედრები იგივე დასახელებებით აგრძელებდნენ ფუნქციონირებას მიმართულებების სტატუსით, სადაც ბაკალავრიატში სწავლება ხორციელდებოდა  საგანმანათლებლო პროგრამით „გადაზიდვის ორგანიზაცია და მართვა“ (4 სარკინიგზო მოდულით: „გადაზიდვის ორგანიზაცია და მართვა რკინიგზის ტრანსპორტზე“; „ვაგონები და სავაგონო მეურნეობა“; „მატარებელთა წევა და წევის მეურნეობა“; „ავტომატიკა, ტელემექანიკა და კავშირგაბმულობა რკინიგზის ტრანსპორტზე“). მაგისტრატურაში სწავლება ხორციელდებოდა პროგრამით „სარკინიგზო ტრანსპორტი“, ხოლო დოქტორანტურაში პროგრამით „სარკინიგზო ტრანსპორტის ექსპლუატაცია“.

2013 წლის დასაწყისში ოთხივე მიმართულების გაერთიანებით შეიქმნა #510 (ამჟამად N506) „სარკინიგზო ტრანსპორტი“-ს დეპარტამენტი, სადაც ამჟამად ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სწავლება ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამით „ტრანსპორტი“ (2012 წლიდან). დეპარტამენტს დაარსებიდან დღემდე ხელმძღვანელობს პროფესორი ავთანდილ შარვაშიძე.

დეპარტამენტის ძირითადი მეცნიერული მიმართულებებია:

დეპარტამენტში უშუალოდ სარკინიგზო მიმართულებით დარგისათვის მზადდებიან ბაკალავრები, მაგისტრები და აკადემიური დოქტორები. დეპარტამენტში  სწავლება ხორციელდება ასევე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „სარკინიგზო გადაზიდვები“.  სტუ-ში მაგისტრატურის დაარსებიდან (1996 წ) დღემდე სარკინიგზო სპეციალობით დაცულია 200-ზე მეტი სამაგისტრო ნაშრომი. 2000 წლიდან დაცულია 45 დისერტაცია და მაძიებლებს მინიჭებული აქვთ შესაბამისი სამეცნიერო და აკადემიური ხარისხები (2 ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, 12 ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, 31 აკადემიური დოქტორი). 

დეპარტამენტს აქვს კომპიუტერული უზრუნველყოფა, ლაბორატორიები, სიმულატორი, სასწავლო კაბინეტები, პროექტორებით აღჭურვილი სალექციო აუდიტორიები და მათთვის შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (სტენდები, მაკეტები, მოწყობილობები), სასწავლო სახელოსნო.

დეპარტამენტის  თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, საერთაშორისო ჟურნალებში აქვეყნებენ თავიანთ ნაშრომებს. დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოცემულია 50-ზე მეტი ქართულენოვანი სახელმძღვანელო, 15 მონოგრაფია, მრავალი მეთოდური მითითებები, სალექციო კურსები და სამეცნიერო სტატიები. დეპარტამენტის პროფესურა არის მრავალი გამოგონების, საავტორო უფლებების და პატენტების მფლობელი. დეპარტამენტს გააჩნია სპეციალური კომპიუტერული პროგრამები, ქართული და უცხოენოვანი ახალი თანამედროვე ლიტერატურა და თვალსაჩინოებანი (პლაკატები, ჟურნალები, სტენდები, მაკეტები და სხვ.).

დეპარტამენტში წლების  განმავლობაში დამუშავებულია არაერთი საგრანტო თემა. „სარკინიგზო ტრანსპორტი“-ს დეპარტამენტი მემორანდუმების საფუძველზე ახორციელებს საწარმოო პრაქტიკებს სს „საქართველოს რკინიგზა“-ს სახაზო ობიექტებზე, სს „ელექტროვაგონშემკეთებელ“ ქარხანაში და შპს „რუსთავის ვაგონმშენებელ კომპანია“-ში, შპს „ელმავალმშენებელ“ ქარხანაში, სადაც ნიჭიერ ახალგაზრდებს აქვთ პერსპექტივა შემდეგი დასაქმებისათვის (სს „საქართველოს რკინიგზა“-ს ცენტრალური აპარატი და მისი ყველა სახაზო ობიექტები, ასევე ზემოჩამოთვლილი ყველა ობიექტი და მეტროპოლიტენი წარმოადგენენ ახალგაზრდა სპეციალისტების დასაქმების ძირითად ორგანიზაციებს).

სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობაში მოღვაწე ადამიანური რესურსის გათვალისწინებით სტუ-ს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის „სარკინიგზო ტრანსპორტი“-ს დეპარტამენტი წლებია მნიშვნელოვან სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო-მეთოდურ სამუშაოებს ანხორციელებს სტუდენტი ახალგაზრდობის კვალიფიციურ სპეციალისტად აღზრდისა და ფაკულტეტის შემდგომი განვითარებისათვის.