PROFFORMANCE+ პროექტის კონსორციუმი პარტნიორ ქვეყნებში პროექტის ფარგლებში აცხადებს II საერთაშორისო კონკურსს "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის ჯილდო 2024/2025" (International Higher Education Teacher Award 2024/25).
კონკურსის მიზანია, მოახდინოს სწავლების საუკეთესო პრაქტიკების დემონსტრირება და გამოავლინოს მასწავლებლები, რომლებიც წარმატებული არიან სწავლებისა და სწავლის სხვადასხვა ასპექტში, რაც უმაღლეს განათლებაში მაღალი ხარისხისა და ინოვაციების კულტურის ხელშეწყობას ემსახურება. კონკურსი, ასევე, ხელს უწყობს თანამშრომლობას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, მთელი ევროპის მასშტაბით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლებს PROFFORMANCE+ პროექტის პარტნიორი ქვეყნებიდან: საქართველო, ავსტრია, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი და სერბეთი. განმცხადებლებს შესაძლებლობა აქვთ, წარადგინონ სწავლების საუკეთესო პრაქტიკები შემდეგი მიმართულებებით:
- სტუდენტზე ორიენტირებული კურსის დიზაინი;
-
ინოვაციური სწავლება და სწავლა;
-
სტუდენტთა სწავლის შეფასება;
- უნივერსიტეტების მესამე მისიით გათვალისწინებული მიზნების იმპლემენტაცია.
სააპლიკაციო განაცხადებს, რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესში დიგიტალიზაციის, ინტერნაციონალიზაციის, ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და მდგრადობის საკითხებს ითვალისწინებს, დამატებითი ყურადღება მიექცევა.
სააპლიკაციო განაცხადებს აფასებს დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური. გამარჯვებულთა სწავლების საუკეთესო პრაქტიკები წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა პუბლიკაციებში, საინფორმაციო ბიულეტენებში, PROFFORMANCE+ ვებგვერდზე, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო პრაქტიკების გავრცელებას.
საკონკურსო განაცხადების ონლაინწარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 დეკემბერი.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ
ვებგვერდზე.