სტუ-ში ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა

სტუ-ში ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა

 

სტუ-ში ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა

23-03-2026
სტუ-ში ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო-გეოლოგიურ და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი  სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და ავსტრიის ლეობენის ტექნიკური უნივერსიტეტის (Montanuniversität Leoben)  რექტორმა, აკადემიკოსმა პეტერ მოზერმა გახსნეს.

ახალი ცენტრისთვის განკუთვნილი სივრცის კეთილმოწყობა და აღჭურვა საერთაშორისო ქართულ-ავსტრიული პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ავსტრიის ლეობენის ტექნიკური უნივერსიტეტის მჭიდრო პარტნიორობით განხორციელდა. ქართულ-ავსტრიული საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერები საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო და კომპანია „არემჯი“ არიან.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიზიტით მყოფი ავსტრიული უნივერსიტეტის დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის წარმომადგენლები, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის  სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები, კომპანია „არემჯის“ ხელმძღვანელი პირები და ინდუსტრიის  წამყვანი სპეციალისტები. 

შიდა-1 (1).jpeg

საუნივერსიტეტო სივრცეში ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრის გახსნისა და სიმბოლურად ლენტის გაჭრის შემდეგ ცენტრის მნიშვნელობაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ისაუბრა.  

„დარწმუნებული ვარ, ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქართულ-ავსტრიული, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების გზაზე. სწორედ ამ სივრცეში ერთმანეთს შეერწყმება  ქართული და ავსტრიული საინჟინრო გამოცდილება, რაც ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისა და სამთო ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიის ლეობენის ტექნიკურ უნივერსიტეტს განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართული საინჟინრო მეცნიერების ისტორიის კონტექსტში - 115 წლის წინ სწორედ ამ უნივერსიტეტში სრული განათლება მიიღო გამოჩენილმა ქართველმა ინჟინერმა და მეცნიერმა, ქართული სამთო სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელმა, აკადემიკოსმა ნიკოლოზ წულუკიძემ. დღეს კი, ჩვენ მომსწრენი ვართ ამ ისტორიული კავშირის გაგრძელებისა - ლეობენის ტექნიკურ უნივერსიტეტში ოთხი ქართველი ახალგაზრდა - ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები, სწავლობენ, რაც დასტურია იმისა, რომ ქართულ-ავსტრიული პარტნიორობა გრძელდება და  წარმატებით ვითარდება.

ჩვენი მიზანია, ახლადგახსნილი ცენტრი გახდეს ინოვაციების, კვლევისა და პრაქტიკული ცოდნის ერთ-ერთი წამყვანი კერა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც. აქ შეიქმნება გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ახალი თაობის ინჟინრების აღზრდას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნის გაზიარებას. მადლობას ვუხდი ჩვენს ავსტრიელ კოლეგებს. დარწმუნებული ვარ, ერთად მრავალ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.

ავსტრიის ლეობენის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თქმით, ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი თანამშრომლობის ახალი ეტაპია, რომელიც ორ უნივერსიტეტს შორის აკადემიურ და სამეცნიერო კავშირებს კიდევ უფრო გააღრმავებს. 

„ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს აკადემიურ და სამეცნიერო კავშირებს ჩვენს უნივერსიტეტებს შორის. მჯერა, რომ ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალგაზრდა ინჟინრების პროფესიულ განვითარებაში, გააძლიერებს ცოდნის გაცვლას და ხელს შეუწყობს ერთობლივი კვლევითი პროექტების წარმატებით განხორციელებას“, - აღნიშნა რექტორმა, აკადემიკოსმა პეტერ მოზერმა.

შიდა-2 (1).jpeg

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება რობერტ გერშნერი, კომპანია „არემჯის“ გენერალური დირექტორი ჯონი შუბითიძე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ქართულ-ავსტრიული პროექტის ინიციატორი ირაკლი შატაკიშვილი და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი - პროფესორი ნიკოლოზ ჩიხრაძე. 

ქართულ-ავსტრიული ცენტრის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძე და ფაკულტეტის პროფესორმა გიორგი ხეცურიანმა.

პროფესორმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ აკადემიკოსებს - დავით გურგენიძესა და პეტერ მოზერს ქართულ და ავსტრიულ უნივერსიტეტებს შორის სამთო-გეოლოგიური მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების, მეცნიერებაში შეტანილი წვლილისა და დამსახურებისთვის საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემიის ოქროს მედლები გადასცა.  

ღონისძიების დასასრულს, ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრის სტუდენტურ სივრცეში RMG ჯგუფსა და ლეობენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ და ავსტრიული უნივერსიტეტის რექტორმა პეტერ მოზერმა მოაწერეს ხელი. 

შიდა-3 (2).jpeg

„არემჯისა“ და ლეობენის უნივერსიტეტს შორის პატარა ნაბიჯებით დაწყებული თანამშრომლობა მნიშვნელოვან პარტნიორობად გადაიქცა. ვფიქრობ, ამ ურთიერთობამ, დღევანდელი მემორანდუმის გაფორმებით საერთაშორისო მასშტაბი შეიძინა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ სამთო უნივერსიტეტთან დაგვაკავშირა. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია კომპანიის მხრიდან განათლების მხარდაჭერის უწყვეტ გზაზე. მადლობა თანამშრომლობაში ჩართულ ყველა მხარეს, განსაკუთრებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებს და რა თქმა უნდა სტუდენტებს“, - განაცხადა „არემჯის“ გენერალურმა დირექტორმა, ჯონი შუბითიძემ.

დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ სტუმრები სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ავტორობით შესრულებულ კვლევით და გამოყენებით პროექტებს გაეცნენ და მათ ავტორებს გაესაუბრნენ.   

ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრის გახსნამდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ავსტრიის ლეობენის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს პეტერ მოზერსა და ავსტრიული უნივერსიტეტის დელეგაციის წევრ პროფესორებს შეხვდა და მათთან მიმდინარე თანამშრომლობასა და სამომავლო ინიციატივებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

სიახლეებში დაბრუნება