საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ, დეკანის მოადგილეებმა, პროფესორებმა ლილი პეტრიაშვილმა, ნონა ოთხოზორიამ და ამავე ფაკულტეტის სტუდენტებმა თამარ ქოზაშვილმა და რომა კასაბურმა, ასევე, სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ წეროვანის დევნილთა დასახლებაში ორ მრავალშვილიან ოჯახს ტანსაცმელი გადასცეს.
საქველმოქმედო აქციათა ციკლი საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დეკემბერ-იანვრის თვეში, წინასაახალწლო და საშობაო ღონისძიებებით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გორის ხანდაზმულთა სახლის - „შენი თბილი კერა”, თბილისის პანსიონატ „იმედის“ და გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცთა და უძლურთა სახლის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს და წეროვანში, სოციალურად დაუცველთა - ცეზარ და ავთანდილ ჟამურელების მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტი, ასევე, პირველადი დახმარებისა და პირადი ჰიგიენის ნივთები გადაეცათ.
როგორც სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ აღნიშნა, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, „ქალთა ასოციაციასთან“ ერთად, პერმანენტულად ატარებს საქველმოქმედო აქციებს.
„ჟამურაშვილების ოჯახებს წელს მეორედ ვეწვიეთ. საახალწლოდ დავეხმარეთ სურსათ-სანოვაგით, ამჯერად კი ბავშვებს გადავეცით ტანსაცმელი ოთხივე სეზონისთვის. ძმები ჟამურელების ოჯახებში 10 არასრულწლოვანი იზრდება. ისინი 2008 წლიდან ახალგორში ცხოვრობენ. ავთანდილ ჟამურელის და ნინო კახურაშვილის 5 შვილიდან უფროსი 16 წლისაა, უმცროსები, ტყუპები - სამის, ხოლო ცეზარისა და გვანცა კაპარაშვილის ოჯახის უფროსი შვილი 14-ის, უმცროსი კი 5 წლისაა. აქციის ფარგლებში შევაგროვეთ ტანსაცმელი, სათამაშოები, შევიძინეთ აუცილებელი ნივთები, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ამ ბავშვებს. რექტორის ინიციატივის ხორცშესხმის მიზნით, სტუ-ის ქალთა ასოციაციასთან ერთად, ფაკულტეტი კვლავ გააგრძელებს საქველმოქმედო აქციათა ციკლს”, - აცხადებს თალიკო ჟვანია.
უნივერსიტეტი რეგულარულად ზრუნავს საზოგადოების ისეთ მოწყვლად ჯგუფებზე - მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებსა თუ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე.