საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა - ეთნიკურად აზერბაიჯანელმა და სომეხმა ახალგაზრდებმა - დედაენის დღე ღონისძიებებით აღნიშნეს.
ქართული ენის დღის პატივსაცემად, სტუდენტებმა დედაენის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. ასოცირებული პროფესორი მანანა ქაჯაია ახალგაზრდებს დედაენის ძეგლის აღმართვის ისტორიისა და 1978 წლის 14 აპრილს განვითარებული მოვლენების შესახებ ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, 14 აპრილი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობის დღეა და 46 წლის წინ, ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დასაცავად, უმნიშვნელოვანესი საქმე სწორედ მშვიდობიანმა სტუდენტურმა მანიფესტაციამ გააკეთა.
სტუდენტებმა წაიკითხეს ირაკლი აბაშიძის ლექსი - “ხმა კატამონთან“, ციკლიდან - “რუსთაველის ნაკვალევზე”, ასევე, გიორგი ლეონიძის, ლადო ასათიანის, მუხრან მაჭავარიანის, ავთანდილ გურგენიძისა და სხვა პოეტთა ლექსები.
შემდეგ მათ მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაინაცვლეს, სადაც ყვავილებით შეამკეს იაკობ გოგებაშვილის საფლავი, ისაუბრეს მის დამსახურებასა და ღვაწლზე ერისა და ქვეყნის წინაშე.
იმავე დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის 70-ზე მეტმა სტუდენტმა.
კონკურსი სტუ-ის ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ თემურ ჯაგოდნიშვილისა და დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებელთა აქტიური ჩართულობით ჩატარდა.