საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA) ვიცე-რექტორს, პროფესორ ვაფა კაზდალს შეხვდა.
მხარეებს შორის საუბარი შეეხო სტუ-სა და ADA-ს შორის აკადემიური და სამეცნიერო კოლაბორაციის განვითარებას, სამეცნიერო წრეებისა და ახალგაზრდა თაობების დაახლოებას ერთობლივი პროექტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით. მხარეებმა, ასევე, განიხილეს საუნივერსიტეტო სივრცეში ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტების მაქსიმალური ინტეგრაციის შესაძლებლობები.
შეხვედრას აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის მასწავლებელთა სემინარიის პროექტის მენეჯერი, პროფესორი სამირა აღაევა და სტუდენტების მიღების სპეციალისტი მაჰნურ აბასოვა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ წერეთელი, რექტორის მრჩევლები - ზურაბ გუდავაძე და კონსტანტინე ბასილაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების საუნივერსიტეტო ოფისის ხელმძღვანელი, პროფესორი დევი ხვედელიანი, სტუ-ის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და საქართველოში აზერბაიჯანის სალჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ყურადღება გაამახვილა სამომავლოდ აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიასთან პარტნიორობით შესამუშავებელ საგანმანათლებლო, კვლევით თუ კულტურულ-შემოქმედებით პროექტებსა და ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა გაცვლით პროგრამებზე, რაც ორ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელედება.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიას შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში, რომელსაც ADA-ს რექტორის, პროფესორ ჰაფიზ ფაშაევის ჩვენს უნივერსიტეტში ვიზიტისას, მიმდინარე წლის მაისში მოეწერა ხელი, უპირველეს ყოვლისა, ვგეგმავთ ერთობლივი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას რამდენიმე მიმართულებით. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიასთან კოლაბორაციით, შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც, ასევე, აქტიურად იმუშავებს პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამებისა და კვლევითი პროექტების მიმართულებითაც. ჯგუფი ორგანიზებას გაუწევს პროფესიული ტრენინგების, ვორქშოფებისა და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას, კულტურული და სპორტული ღონისძიებების დაგეგმვას, რაშიც აქტიურად ჩაერთვებიან ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები, რადგან ორივე მხარე დაინტერესებული ვართ აზერბაიჯანელი სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში სრულფასოვნად ინტეგრირების საკითხებით. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 500-ზე მეტი ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტი იღებს განათლებას. მათ შორის ბევრია მოტივირებული და მაღალრეიტინგული ახალგაზრდა, რომლებსაც სურვილი აქვთ, მაქსიმალურად განვითარდნენ და პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. უნივერსიტეტისგან მათ მუდამ ექნებათ მხარდაჭერა. ვფიქრობთ, რომ სწორედ ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტები და კურსდამთავრებულები იქნებიან საქართველო-აზერბაიჯანს შორის პარტნიორობის გაღრმავებისა და გაფართოების გარანტები. რაც მთავარია, ერთობლივი მუშაობით ხელს შევუწყობთ ჩვენი ქვეყნების სამეცნიერო-აკადემიურ სივრცეებს შორის თანამშრომლობის განვითარებას“, - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.
როგორც აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ვაფა კაზდალმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ADA-ს წარმომადგენლთა ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია ახალი პროექტების, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, ქმედითი პარტნიორობა მეტად გააღრმავებს ურთიერთობებს ორი უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური პერსონალსა და სტუდენტებს შორის და მოამზადებს მყარ ნიადაგს ახალი კვლევებისა და პროექტებისთვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის წარმომადგენლებმა ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის რარიტეტული კოლექციები და სტუ-ის მე-9 სასწავლო კამპუსში განთავსებული ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის უნიკალური სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიული კომპლექსი დაათვალიერეს; შედგა ონლაინ შეხვედრა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) სამუშაო ვიზიტით მყოფ სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორთან, პროფესორ ზვიად წამალაიძესთან, რომელმაც სტუმრებს CERN-ში, დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე CMS ექსპერიმენტში სტუ-ის მეცნიერ-ფიზიკოსთა მიერ შესრულებული სამუშაოები გააცნო და გლობალურ ექსპერიმენტებში უნივერსიტეტის მკვლევართა ჩართულობის შესახებ ესაუბრა. ვიზიტის ფარგლებში, ADA-ს წარმომადგენლები სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო პროექტებს გაეცნენ და უნივერსიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდნენ.