საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, დეპუტატებს, საქართველოს მოქალაქეებსა და ახალგაზრდებს ევროკომისიის მიერ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემას ულოცავს.
„დღეს საქართველო უმნიშვნელოვანესი, ეპოქალური გადაწყვეტილების წინაშე დგას. ჩვენი ქვეყნის მთავრობის მეთაურის, „ქართული ოცნების“ გუნდისა და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით, ერთიან ევროპულ ოჯახში გაწევრიანების პირველი, რეალური ნაბიჯი გადავდგით. ეს დღე ისტორიას დარჩება და ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ ეს თარიღი ერის მამის, დიდი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს დაემთხვა.
„აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა!“ - დღევანდელი დღე სწორედ ჩვენი დიდი წინაპრების დამსახურებაა და სასიხარულოა, რომ ხელისუფლება და საზოგადოება ამ გზას ღირსეულად აგრძელებს.
ჩვენს ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს ევროპული ოჯახის წევრობა კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებს აძლევს, თავიანთი ნიჭი და უნარი სამშობლოს კეთილდღეობას და ქვეყნის აღმშენებლობას მოახმარონ. ეს მათთვის შანსია საკუთარი პოტენციალი მრავალმხრივ განავითარონ და საქართველოს სახელი ევროპის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში კიდევ უფრო მეტად ხილვადი და ცნობადი გახადონ - მადლობა ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას!
გილოცავთ!“ - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის მიმართვაში.