საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების ოთხ მოკლევადიან პროგრამაზე მსმენელთა მიღება დაიწყო.
რეგისტრაცია 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და სწავლა დაიწყება 2023 წლის 2 ოქტომბერს.
დონორი ორგანიზაციის მიერ დაქირავებული საგანმანათლებლო და განახლებადი ენერგიის დარგის ექსპერტებისა და ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი პროფესორების მიერ მომზადდა განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების ოთხი მოკლევადიანი პროგრამა (თითოეული 75 საათის ხანგრძლივობით), კერძოდ:
1.ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი);
2.ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (მზის თერმული სისტემების მონტაჟი);
3.ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (ბიომასის ბოილერების და ღუმელების მონტაჟი)
4.ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (ზედაპირული გეოთერმული სისტემების და თბური ტუმბოების მონტაჟი).
სტუ-ის ინფორმაციით, პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატი გაივლის სერტიფიცირებას, ხოლო სერტიფიცირებულ მემონტაჟეთა სია განთავსდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, ლენა შატაკიშვილი აცხადებს, სექტემბერში აღნიშნულ პროგრამებზე მეორე ნაკადის მიღება გამოცხადდა. პირველმა ნაკადმა წარმატებით დაასრულა სასწავლო პროცესი. წელს, თითოეულ პროგრამაზე 10-10 მსმენელის მიღება იგეგმება. ოთხივე პროგრამა სრულად დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის მიერ და დაინტერესებულ პირებს მომზადება/გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge .
ინფორმაციისთვის: საქართველოსთვის ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება სამართლებრივი ვალდებულების აღებასა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციას გულისხმობს. კერძოდ, საქართველომ უნდა მოახდინოს ადგილობრივ კანონმდებლობაში ევროკავშირის ენერგეტიკის სფეროში მოქმედი იმ დირექტივებისა და რეგულაციების ასახვა, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების XXV დანართშია მოცემული.
აღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის დეკემბერში დაამტკიცა კანონი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“. აღნიშნული კანონი, რომელიც სრულად შეესაბამება განახლებადი ენერგიების შესახებ ევროკავშირის დირექტივას, საქართველოს მთავრობას ავალდებულებს, უზრუნველყოს განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების კვალიფიციური და სერტიფიცირებული მემონტაჟეების არსებობა ქვეყანაში.
რადგანაც ქვეყანაში აღნიშნული პროგრამა პირველად უნდა დანერგილიყო, საჭირო გახდა უწყებათაშორისი თანამშრომლობა და კოორდინაცია, რა მიზნითაც, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ს.ს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ შორის 2020 წლის 11 დეკემბერს გაფორმდა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი. განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების პროგრამებზე მუშაობა მიმდინარეობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში’’ ფარგლებში.