სტუ-ში ნორვეგიის სამეფოს ელჩთან და ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატთან სამუშაო შეხვედრა შედგა

სტუ-ში ნორვეგიის სამეფოს ელჩთან და ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატთან სამუშაო შეხვედრა შედგა

 

სტუ-ში ნორვეგიის სამეფოს ელჩთან და ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატთან სამუშაო შეხვედრა შედგა

31-10-2023
სტუ-ში ნორვეგიის სამეფოს ელჩთან და ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატთან სამუშაო შეხვედრა შედგა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლენა შატაკიშვილი და სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩს ბერგლიოტ ჰოვლანდს, ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატის (NVE) ხელმძღვანელს კჟეტილ ლუნდს და პერსონალურ ასისტენტს ანა ჰაალანდ აანოს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა სტუ-ის და ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების საკითხები განიხილეს.

ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის თქმით, ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჰიდროენერგეტიკის განვითარების შესწავლით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს ოთხი სამაგისტრო სტიპენდია შესთავაზა. ნორვეგიის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში აქცენტი ორ ქართულ სახელმწიფო უნივერსიტეტზე გაკეთდა, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც სამშენებლო, ასევე, ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა - ბაკალავრებმა და მაგისტრებმა NTNU-ის ჰიდროენერგეტიკის განვითარების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისა და ნორვეგიის ცნობილ უნივერსიტეტში მეცნიერების მაგისტრის ხარისხის მოპოვების შესაძლებლობით ისარგებლეს.

„ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატის (NVE) ხელმძღვანელ კჟეტილ ლუნდსთან და მის პერსონალურ ასისტენტ ანა ჰაალანდ აანოსთან სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა ნორვეგიის ელჩი საქართველოში, მხარეებმა ვიმსჯელეთ ურთიერთთანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ. სტუმრები უნივერსიტეტს ეწვივნენ, როგორც IN-program პროგრამის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორს საქართველოში, რაც, შესაბამისად, გულისხმობს, რომ სტუ-ის სტუდენტებს აქვთ დიდი პოტენციალი, ამდენად, ჩვენს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაგრძელება ეჭვს არ იწვევს, პირიქით, ნორვეგიის მხარე დაინტერესებულია თანამშრომლობით“, - აღნიშნავს ლენა შატაკიშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ნორვეგიის სასტიპენდიო პროგრამის განხორციელებისა და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატთან სტუ-ის თანამშრომლობის შეჯამებისას აცხადებს, რომ პროექტი, რომლითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და ენერგეტიკის ფაკულტეტების სტუდენტებმა ისარგებლეს, წარმატებული იყო.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი ლიდერია სტუდენტთა უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში მობილობის კუთხით. ნორვეგიის სასტიპენდიო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულების პროექტში ჩართვა, რაც წარმატებით განხორციელდა. ჩვენი კურსდამთავრებულების ჩართულობა ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ სასტიპენდიო პროგრამაში, მიუთითებს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაძლებელია ევროპული სტანდარტის შესაბამისი განათლების მიღება. მინდა, მადლობა გადავუხადო ნორვეგიის სამეფოს ელჩს საქართველოში, ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატს და დავადასტურო სტუ-ის მზაობა ურთიერთთანამშრომლობის გასაგრძელებლად“, - აცხადებს დავით გურგენიძე.

 

სიახლეებში დაბრუნება