საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წლისთავის აღსანიშნად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, 30 წელი აფხაზეთთან და აფხაზეთის გარეშე, არის საქართველოს ისტორიის უმძიმესი და ამავდროულად, საქართველოს გაერთიანების იმედით სავსე პერიოდი.
„არაფერი ქრება, არც სიხარული და არც ტკივილი. დღეს, 27 სექტემბერს, დიდი ტკივილის დღეა - 30 წელი აფხაზეთთან და აფხაზეთის გარეშე!
30 წელია 27 სექტემბერი მძაფრი ტკივილით გვახსენებს სოხუმის დაცემას, სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებსა და გულანთებულ მებრძოლებს, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, კურსდამთავრებულები.
ჩვენ პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთაც სიცოცხლე გასწირეს მშობლიური მიწა-წყლის დასაცავად - ნათელი მათ სულებს!
ვამაყობთ წარსულით, ჩვენი გმირებით და ერთგვარი სიხარულით ვივსებით, როცა ვაცნობიერებთ, რომ დრომ ვერ წაშალა მათი თავდადება.
დღეს ჩვენ გვერდით საქართველოს მომავალი თაობა დგას. ისინი გაიზარდნენ აფხაზეთიდან შორს და აფხაზეთთან ერთად. სწორედ მათთან, ახალ თაობასთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ შერიგების, მშვიდობისა და საქართველოს გაერთიანებისკენ.
დაე, მომავალი ჯვართამაღლება აფხაზეთში გვეზეიმოს. უფლის მადლი შეგვეწიოს ჩვენ და საქართველოს“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.