საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის არსებული დავალიანების დაფარვის შესახებ და სტუდენტებს მოუწოდებს, სტატუსის დროულად აღსადგენად უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებს მიმართონ.
როგორც რექტორი აცხადებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 25 სექტემბერს იწყება. ამდენად, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მიმართონ უნივერსიტეტს, იმ ფაკულტეტებს, სადაც სწავლობდნენ და შეიტანონ განაცხდი სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის უპრეცედენტო გადაწყვეტილება არის ახალ თაობაზე ზრუნვის შესანიშნავი მაგალითი. დღეს ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 ათასზე მეტ ახალგაზრდას კიდევ ერთხელ გაუკვალა გზა, კიდევ ერთხელ მისცა საშუალება, დაეუფლონ განათლებას, აღიდგინონ სტუდენტის სტატუსი.
მინდა, ჩვენი სტუდენტებისა და მათი ოჯახების სახელით, მადლობა გადავუხადო პრემიერს ამ დიდსულოვანი ნაბიჯისთვის - საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა, მაგრამ ცოდნაში ჩადებული ინვესტიცია არ იკარგება და იმედი მაქვს, ჩვენი სტუდენტები ახალ შესაძლებლობას სწორად და მიზანმიმართულად გამოიყენებენ.
წარმატებები მინდა ვუსურვო საქართველოს მთავრობას და აქვე, კიდევ ერთხელ მივმართავ სტუდენტებს.
ძვირფასო ახალგაზრდებო, დღეიდან თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ფაკულტეტებს, სადაც სწავლობდით და აღიდგინოთ სტატუსი. წარმატებებს გისურვებთ“, - ნათქვამია დავით გურგენიძის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ.