წელს, მაის-ივნისში, ერაზმუს+ პროექტის ფარგლებში სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორთა ჯგუფი, პაატა კერვალიშვილისა და თამარ ბერბერაშვილის შემადგენლობით, პარი-საკლეს უნივერსიტეტში (Université Paris-Saclay) (პარიზი, საფრანგეთი) იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ სტუ-ის თანამშრომლობა პარი-საკლეს უნივერსიტეტის ინსტიტუტებთან, რომელიც ათეულ წელიწადს ითვლის, ხორციელდებოდა როგორც პირდაპირი ხელშეკრულებით, ასევე ევროკავშირის ერთობლივი პროექტების ჩარჩოში.
ამჯერად, სტუ-ის პროფესორებთან ერთად პარი-საკლეს წამყვან ცენტრებში, მოლეკულური მეცნიერების ინსტიტუტსა და ირენ ჟოლიო-კიურის სახელობის ფიზიკის ლაბორატორიაში, ხანგრძლივი სტაჟირებით სტუ-ის დოქტორანტი ანა კეკელიძე და მაგისტრანტი თორნიკე კახეთელიძე იმყოფებიან.
სტუ-ის პროფესორების ვიზიტი მოიცავდა, როგორც ლექცია-სემინარების ჩატარებას, ასევე სპეციალურ შეხვედრებს ერთობლივი სამეცნიერო-ტექნიკური პროექტების ორგანიზაციისთვის. ჩატარებული ლექცია-სემინარებიდან აღსანიშნავია საერთაშორისო სემინარი „Vibrational properties of nanobioparticles and concept of resonance therapy “, რომელიც მოლეკულური მეცნიერების ინსტიტუტის დარბაზში ჩატარდა.
ვიზიტის დასასრულს, გადაწყდა, რომ სტუ-სა და პარიზის უნივერსიტეტს შორის სტუდენტების გაცვლა სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდება. სამომავლოდ კი, დაიგეგმა ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში ერთობლივი პროექტის წარდგენა.