საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის საერთაშორისო კონფერენციამ პირველი მრავალმხრივი პლატფორმა შექმნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის საერთაშორისო კონფერენციამ პირველი მრავალმხრივი პლატფორმა შექმნა

28-12-2020



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია - „არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, უნივერსიტეტმა კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს სიახლე შესთავაზა. ორ სექციად გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ერთი სექცია მთლიანად ახალგაზრდა მეცნიერთა და დოქტორანტთა ნამუშევრების წარდგენას დაეთმო.

საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს დოქტორანტთა მიერ დამუშავებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს: ანაკლიის გონიერ საპორტო ქალაქად გარდაქმნა - გამოწვევები და შესაძლებლობები; არქიტექტურული გარემო და მასში არსებული სივრცის ორგანიზების მნიშვნელობა; XXI საუკუნის საზოგადოებრივი სივრცის არქიტექტურული ფორმირება, როგორც სანახაობა ვიზიტორთათვის; ჰავით განპირობებული ავთენტური არქიტექტურა დიდი ბრიტანეთის მაგალითზე; დედაქალაქის აგლომერაციის ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის აუცილებლობა; ქვეყნის მდგრადი განვითარების პოლიტიკა და რეგიონებში დეგრადირებული გარემოს წარმოშობის საფრთხეები დუშეთის მუნიციპალიტეტში შემავალი ბაზალეთის ტბის განაშენიანების მაგალითზე; ქუთაისის იტორიული უბნის - „ჯაჭვის ხიდიდან წითელ ხიდამდე ისტორიულ-არქიტექტურული ანალიზი“; სამკურნალო-დასასვენებელი კურორტის - წყალტუბოს ფორმირებისა და განვითარების საკითხი, აღმშენებლობისა და კეთილმოწყობის ისტორია; ეროვნული პარკების როლი რეგიონების მდგრად განვითარებაში - საქართველოს მაგალითზე; ბიოკლიმატური პირობების ზეგავლენა ბრაზილიურ არქიტექტურაზე; მედიაფასადების დინამიკური ინტერაქტიული კონტენტი, როგორც საქალაქო ცხოვრების რიტმის ამსახველი ფაქტორი; მწვანე სახურავი, როგორც საქალაქო გარემოს ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი საშუალება; ხელოვნური განათება საქალაქო გარემოში - განვითარების ეტაპები და თანამედროვეობა.

„კონფერენციამ, ორ სექციად იმუშავა. ჩვენ შევქმენით სექცია - „ახალგაზრდა მეცნიერთა და დოქტორანტთა სამუშაო ჯგუფი, მოხსენებები - მრგვალი მაგიდა“, რაც საკმაოდ ეფექტიანი და საინტერესო გამოვიდა. შევეხეთ არა მხოლოდ დედაქალაქის არქიტეტურისა და ქალაქმშენებლობის პრობლემებს, არამედ რეგიონებსაც, რაც პირველი შემთხვევაა, რადგან აღნიშნულ თემას აქამდე არავინ შეხებია. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო ანაკლიის გონიერ საპორტო ქალაქად გარდაქმნა, თუ რა გამოწვევები და შესაძლებლობები გვაქვს ქალაქგეგმარების კუთხით. სხვა მრავალ საინტერესო საკითხთან ერთად, განვიხილეთ დედაქალაქის აგლომერაციის ინტეგრირებული სატრანსპოტრო სისტემის აუცილებლობის საკითხი. თემა ძალიან აქტუალურია თბილისის გენგეგმის შემუშავების კუთხით. კონფერენციაზე განვიხილეთ ჭიათურის პრობლემები, წყალტუბოს განვითარების პერსპექტივები. კონფერენციაზე წარმოადგინეს ქუთაისის ისტორიული უბნების რესტავრაცია-რეაბილიტაციის საკითხები, რომელიც დღემდე არავის განუხილავს. ქუთაისს არ აქვს მეთოდიკა, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს რესტავრაცია. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო არქიტექტორმა გივი გოგრიჭიანმა, რომელიც უშუალოდ ქუთაისის ისტროიული ნაწილის რეკონსტრუქციაშია ჩართული. ჩვენ განვიხილეთ პრობლემები და ის საკითხები, თუ რა მეთოდები უნდა იქნას შემუშავებული, რომ ქალაქმა ინდივიდუალური სახე, ავთენტურობა, მომხიბვლელობა არ დაკარგოს - სახე, რომლის გამოც მოგვწონს ჩვენი ქალაქი“, - აცხადებს სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი ნინო იმნაძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, პანდემიის პირობებში ჩატარებული რიგით მეორე საერთაშორისო არქიტექტურული კონფერენცია მრავალფეროვანი და მრავლისმომცველი იყო. კონფერენციამ, პირველად არქიტექტურის სივრცეში, არქიტექტორთათვის ერთგვარი პლატფორმა შექმნა, სადაც სამომავლოდ, აქტუალური თემები მეცნიერულ დონეზე იქნება განხილული. თავის მხრივ კი, პლატფორმა საუკეთესო შესაძლებლობაა არქიტექტორებისთვის, საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებში ჩაერთონ. 

 

სიახლეებში დაბრუნება