საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, უნივერსიტეტის რექტორად სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დავით გურგენიძე აირჩიეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 10 დეკემბრის დადგენილების შესაბამისად, უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 2020 წლის 27 იანვარს, დილის 10:00-დან 17:00 საათამდე, საარჩევნო კომისიის 15 წევრის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა.
ფარული კენჭისყრის შემდეგ საარჩევნო კომიისის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც კომისიამ საბოლოო ანგარიში აკადემიურ საბჭოს 18:00 საათზე წარუდგინა.
საარჩევნო კომისიის მიერ გასაჯაროებული შედეგებით, დღევანდელ ფარულ კენჭისყრაზე საბჭოს 39 წევრიდან, მხოლოდ ერთი არ გამოცხადდა. შესაბამისად, საარჩევნო ყუთში 38 ბიულეტინი აღმოჩნდა, გამოუყენებელი კი 1 ბიულეტინი დარჩა. აკადემიურ საბჭოში ამომრჩეველთა 38 ხმა რექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ მოიპოვა. მისმა კონკურენტმა, პროფესორმა ნოდარ ქევხიშვილმა კი ვერცერთი ხმა ვერ აიღო.
ცნობისათვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში უნივერსიტეტის რექტორობის პრეტენდენტთა სამოქმედო პროგრამების მოსმენა 2020 წლის 24 იანვარს გაიმართა.
მოსმენაზე სამოქმედო პროგრამა ორმა პრედენდენტმა, პროფესორებმა - დავით გურგენიძემ და ნოდარ ქევხიშვილმა წარადგინეს. მესამე პრეტენდენტმა - პროფესორმა გელა ყიფიანმა სამოქმედო პროგრამის წარდგენამდე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე აკადემიურ საბჭოში არჩეული კანდიდატურის მოკლე ბიოგრაფია:
დავით გურგენიძე - ინჟინერ ჰიდროტექნიკოსი, საქართველოს დამსახურებული მშენებელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი), საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი), საქართველოს პარლამენტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ევროპის მშენებელ ინჟინერთა საბჭოს (ECCE) და მსოფლიოს მშენებელ ინჟინერთა საბჭოს (WCCE) ოფიციალური წევრი, საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების საპატიო წევრი, აკადემიკოს ი.ვ. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის საპატიო დოქტორი (სომხეთის რესპუბლიკა). არის 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის ოთხი მონოგრაფიისა და სამი სახელმძღვანელოს ავტორი, არაერთი სამეცნიერო, მათ შორის საერთაშორისო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი, სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის ავტორი და რედაქტორი, მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამი სადოქტორო დისერტაცია და სამაგისტრო ნაშრომები.
ჯილდოები:
განათლება/ხარისხი/რეგალიები: