საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე თქვენს შეკითხვებს ღია სივრცეში უპასუხებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალი პროექტის - „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ განხორციელებას იწყებს.

პროექტის ფარგლებში, 15 იანვარს, 13:00 საათიდან, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, აბიტურიენტების, ასევე, ნებისმიერი დაინტერესებული პირის და საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეში მოქმედი ნებისმიერი ორგანიზაციისა თუ კერძო პირის შეკითხვებს, გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე - https://www.facebook.com/gtu.ge ლაივ რეჟიმში, საათნახევრის განმავლობაში უპასუხებს.

რექტორის ღია გამოსვლა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების დღის, 16 იანვრის წინა დღეს გაიმართება, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს უნივერსიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების მასშტაბურ შეფასება-გაანალიზებას, ასევე, საუნივერსიტეტო სივრცეში დანერგილი სიახლეების, სამეცნიერო მიღწევების, სწავლა-სწავლების პროცესის, კვლევების ინტერნაციონალიზაციის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო მობილობის პროცესისა და გაცვლითი პროგრამების, სასწავლო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების, ჩატარებული და დაგეგმილი რეფორმებისა და სხვადასხვა მიმდინარე თუ პრობლემური საკითხების შესახებ საზოგადოების და განსაკუთრებით, სამიზნე ჯგუფების ინფორმირებას ინტერაქციურ რეჟიმში.

თუ გსურთ მიიღოთ მონაწილეობა პროექტში - „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“, გთხოვთ, მიმდინარე წლის 9 იანვრიდან 14 იანვრის 17:00 საათამდე დაგვიტოვოთ თქვენი შეკითხვა მითითებულ ველში.

ასევე, 10 იანვრიდან 14 იანვრის 17:00 საათამდე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცხელ ხაზს - 2 771 111 და ავტომატურ რეჟიმში დატოვოთ შეკითხვა.

ანონიმურობა დაცულია.

გაცნობებთ, რომ შეკითხვების გაგზავნა, ასევე, შესაძლებელი იქნება 15 იანვარს, უშუალოდ რექტორის ლაივ გამოსვლის პროცესში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის.