სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველომ (SDSU-Georgia) უმასპინძლა რიგით მე-5, ყოველწლიურ სადიპლომო (ქეფსთოუნ) პროექტების გამოფენას, რომელშიც SDSU-Georgia-ს კურსდამთავრებულთა გარდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის კანდიდატი პროგრამების სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიური დელეგაცია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (აშშ), პრეზიდენტის, პროფესორ ადელა დე ლა ტორეს ხელმძღვანელობით, SDSU-Georgia-ს დეკანი, დოქტორი ჰალილ გიუვენი, კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ქეფსთოუნ-პროექტების გამოფენაზე მიწვეული სტუმრები გაეცნენ ინჟინრულ პროტოტიპებს, რომლებიც სამი პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო, ელექტრული, კომპიუტერული და ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროგრამების სტუდენტებმა წარმოადგინეს.
საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და ამავე ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ჩართულობით, SDSU-Georgia-თან თანამშრომლობით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების მიერ შექმნილი სამედიცინო რეაბილიტაციის დანიშნულების ხელსაწყოების საინჟინრო პროტოტიპები.
დამთვალიერებელთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროგრამების სტუდენტთა პროექტებმა, რომლებიც რეალური პრობლემების საინჟინრო გადაწყვეტით იყო გამორჩეული.

კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლენილ 5 გამარჯვებულ ქეფსთოუნ-პროექტს შორის დასახელდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შესრულებული პროექტი - „ბიონიკური ყვავილი“, ავტორები: ნინო ქოქოლაძე, მოჰამედ ალაშრი და გეორგ იბრაჰიმი.
რჩეული პროექტების ავტორებს, მათ შორის სტუ-ის სტუდენტებს, გამარჯვება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა ადელა დე ლა ტორემ მიულოცა. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, სტუდენტებმა დამსწრე აუდიტორიას პროექტის საჯარო პრეზენტაცია წარუდგინეს.