სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა აფიონ კოჩატეპეს და ღაზის უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები მოისმინეს

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა აფიონ კოჩატეპეს და ღაზის უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები მოისმინეს

07-06-2023

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ვიზიტით იმყოფებოდნენ თურქი მკვლევრები - აფიონ კოჩატეპეს უნივერსიტეტის მასალათმცოდნეობისა და ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორი, დოქტორი ტანერ კავასი და ანკარის ღაზის უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ურ არაბაჯი.   

თურქი პროფესორები სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე  ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და თავიანთი ფაკულტეტების პრიორიტეტული კვლევითი მიმართულებები გააცნეს. სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის კვლევითი მიმართულებების შესახებ თურქი კოლეგების წინაშე მოხსენებით წარსდგა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ლოლაძე. გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ჩვენ ვისაუბრეთ აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის, ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და პროექტების შემუშავების შესახებ, რაც სასწავლო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, თურქ კოლეგებთან ერთად, გეგმავს კვლევების ჩატარებას, მობილობის პროცესში სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის აქტიურად ჩართვას“, - აღნიშნავს  ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნუგზარ წერეთელი.

ვიზიტის ფარგლებში, პროფესორებმა - ტანერ კავასმა და ურ არაბაჯმა სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს ლექციები წაუკითხეს. სალექციო კურსი ეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა: კერამიკა, ლითონები, პოლიმერები, კომპოზიტები და მათი ძირითადი მახასიათებლები რეალური, თანამედროვე  მაგალითებით; სამსხმელო ცეცხლგამძლე მასალები და მათი გამოყენება კალციტის წარმოებისას; მინის სისტემების სინთეზი და რადიაციისგან დაცვა; ნახშირბადის დამჭერი სამრეწველო მასალები; გლობალური დათბობის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები; სიახლეების განხილვა შედუღების ტექნოლოგიაში.

 

სიახლეებში დაბრუნება