სტუ-ის ინსტიტუტი „ტექინფორმი“ საერთაშორისო ალიანსის - RDA-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა

სტუ-ის ინსტიტუტი „ტექინფორმი“ საერთაშორისო ალიანსის - RDA-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა

05-06-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტი - „ტექინფორმი“ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ორგანიზაციაა, რომელიც  საერთაშორისო კვლევითი მონაცემების ალიანსისა (RDA) და მისი მმართველი საბჭოს სრულუფლებიანი წევრი გახდა.

საერთაშორისო კვლევითი მონაცემების ალიანსში, სტუ-ის ინსტიტუტ „ტექინფორმისა“ და მისი თანამშრომლების გარდა, საქართველოდან არც ერთი წევრი ორგანიზაცია და არც ინდივიდუალური მონაწილე არ ფიქსირდება. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით,  RDA-ში „ტექინფორმის“ წევრი ორგანიზაციის სტატუსით გაწევრიანება აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციასთან მჭიდრო სამეცნიერო კოლაბორაციის შედეგად მოხდა.

„RDA მძლავრი საერთაშორისო ქსელური ორგანიზაციაა, რომელიც ერთობლივად დააფუძნეს ევროკომისიამ, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, ამერიკის სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნულმა ინსტიტუტმა და ავსტრალიის მთავრობის ინოვაციების დეპარტამენტმა. ორგანიზაციის მიზანია, მსოფლიო მასშტაბით უზრუნველყოს მონაცემთა ღია ხელმისაწვდომობა, ფართოდ დანერგოს ღია მეცნიერების პრინციპები, შეიმუშაოს მონაცემთა მართვის საერთაშორისო პოლიტიკა და მხარდაჭერა აღმოუჩინოს წევრ ორგანიზაციებსა და ქვეყნებს მონაცემების მართვის ინოვაციური მეთოდებისა და მეთოდოლოგიების გაზიარება-დანერგვაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“ ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მჭიდროდ თანამშრომლობს RDA-თან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სამეცნიერო ინფორმაციის მართვის, კლასიფიცირებისა და თანამედროვე სტანდარტების შესწავლის საკითხებში. „ტექინფორმის“ მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები აქტიურად მონაწილეობენ ალიანსის წლიურ საერთაშორისო კონფერენციებსა და ღონისძიებებში. სწორედ ეფექტიანი სამეცნიერო კოლაბორაცია გახდა RDA-ის გადაწყვეტილების საფუძველი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ „ტექინფორმისთვის“ ალიანსის არა მხოლოდ წევრი ორგანიზაციის სტატუსი მიენიჭებინა, არამედ, მმართველი საბჭოს სრულუფლებიან წევრადაც მიეღო. აღსანიშნავია, რომ „ტექინფორმი“ პირველია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნიდან, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან, რომელიც RDA-ის წევრი  ოფიციალურად გახდა. ვულოცავთ ჩვენს კოლეგებს - ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ნელი მახვილაძეს, მის მოადგილეს, დოქტორ მარიამ რაზმაძეს და ყველა  ტექინფორმელს ამ დიდ წარმატებას“, - აღნიშნავს რექტორი  დავით გურგენიძე.

საერთაშორისო კვლევითი მონაცემების ალიანსი (RDA-Research Data Alliance) საერთაშორისო ქსელია, რომელიც აერთიანებს 13 000-ზე მეტ ინდივიდუალურ წევრს, 79 ორგანიზაციასა და 35-ზე მეტ რეგიონულ ქსელს მსოფლიოს 148 ქვეყნიდან. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ RDA-ის წევრი ორგანიზაციის სტატუსის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rd-alliance.org/oa-members/institute-scientific-and-technical-information-techniformi-georgian-technical-university

 

სიახლეებში დაბრუნება