საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოცემული ახალი წიგნის - „ქართული სასამართლო და პოლიტიკური მჭერმეტყველება" განხილვა შედგა მედიაკავშირ „ობიექტივის“ ეთერში, ვაჟა ოთარაშვილის საავტორო გადაცემაში - „ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება“.
სტუ-ის ახალი გამოცემა პოლიტიკური და სამართლის მჭერმეტყველების ქრესტომათიაა. წიგნი მომზადდა სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას ინიციატივითა და ფაკულტეტის კულტუროლოგიის მეცნიერებათა, სისხლის, საჯარო და კერძო სამართლის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების აკადემიური დეპარტამენტების მკვლევართა კოლაბორაციით. მისი ავტორები არიან სტუ-ის პროფესორები: ირაკლი გაბისონია, ვაჟა პაპასკირი, ჯემალ გაბელია, მურმან თავდიშვილი, დავით ყუფენია; გამოცემის მთავარი რედაქტორია საქართველოს ტექნიკური უნიევრსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.
გადაცემის წამყვანმა მაყურებელს უნივერსიტეტის ახალი გამოცემა მის ერთ-ერთ ავტორთან, სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელთან, პროფესორ ვაჟა პაპასკირთან ერთად წარუდგინა.
როგორც გადაცემაში აღინიშნა, წიგნში გულმოდგინედ არის შერჩეული მჭერმეტყველების ნიმუშები, ორატორული ტექსტები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია, როგორც საქართველოს განვითარებისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესის თვალსაჩინოებისთვის, ასევე, სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტებით. გარდა ამისა, ქრესტომათიული კრებული მნიშვნელოვან თეორიულ, პრაქტიკულ და სალექსიკონო-განმარტებით მასალებსაც მოიცავს, რაც გამოცემას დამატებით დატვირთვას აძლევს. შედეგად, წიგნი არა მხოლოდ მომავალ იურისტებსა და დიპლომატებს გამოადგება სასწავლო და პრაქტიკულ საქმიანობაში, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს.
გთავაზობთ გადაცემის სრულ ვერსიას.