სტუ-ის დოქტორანტმა ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა განათლების ორგანიზაციული უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრის გზებზე კვლევა ჩაატარა

სტუ-ის დოქტორანტმა ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა განათლების ორგანიზაციული უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრის გზებზე კვლევა ჩაატარა

01-06-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის დოქტორანტმა ლანა ხიჯიკაძემ, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ მარიამ ცაცანაშვილის ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია, თემაზე - „ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა განათლების ორგანიზაციული უზრუნველყოფა (პრობლემები და გადაჭრის გზები)“.

სადოქტორო ნაშრომი  პენიტენციურ დაწესებულებებში განათლების ეფექტური სისტემის ორგანიზების პრობლემებს ეხება და ძირითადად დარგთაშორისი კვლევაა, რომელიც სამართალთან ერთად საჯარო მართვისა და მათემატიკური მოდელირების ელემენტებს შეიცავს.

როგორც პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი აცხადებს, სამეცნიერო კვლევების პროცესს რამდენიმე თავისებურება ახლავს: რას იკვლევ და როგორ იკვლევ. სწორედ კვლევის ეს ორი მეთოდი განაპირობებს დამწყები მეცნიერის მიერ კვლევის შედეგების თეორიულ მნიშვნელობას და  გამოყენებით ხასიათს.

„ნაშრომი ძირითადად დარგთაშორისი კვლევაა და ამდენად ძალიან საინტერესო.  შენ მარტო არ ხარ.  შენთვის იქმნება სადოქტორო ქსელი (Doctoral Networks), ამ პრობლემაზე მომუშავე სხვადასხვა დარგის ექსპერტები შენთან ერთად იწყებენ მსჯელობას ჯერ პრობლემის იდენტიფიცირებისთვის, შემდეგ  გადაწყვეტის გზების ძიებისთვის. უამრავ ლიტერატურასთან გიწევს შემხებლობა. რეაბილიტაციის პროგრამების ეფექტიანობის საერთაშორისო პრაქტიკის ძიებასაც მარტო ახორციელებ. შემდეგ თემატურ სემინარებზე ერთვები დისპუტში. ამ დროს ხდება ცალკეული ელემენტების კორექცია და დაზუსტება. ხვდები როგორ თანდათანობით იზრდება ნაშრომი და შენი ცოდნა სხვადასხვა დარგში.  კვლევისას, თანდათან თვალნათელი გახდა რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციისათვის საჭირო სერვისების, რისკის მართვისა და ზედამხედველობის პრაქტიკის, ზიანის რისკის სკრინინგისა და ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების სკრინინგის შედეგები. როცა უკვე თეორიული შესწავლის შედეგს დადებ და გაქვს კითხვებზე: როგორ გამოვიყენოთ ელექტრონული სწავლება პენიტენციურ დაწესებულებაში? რა თავისებურებების გათვალისწინებაა საჭირო?  როგორ დავგეგმოთ პროფესიული განათლების პროგრამები და მიმართულებები, რომ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ მას ცხოვრებასთან ადაპტირება შეეძლოს? - პასუხი, უკვე ერთვება მათემატიკური მოდელირების მეთოდი.  ყველაზე მძიმე, შრომატევადი საქმე. ათასჯერ გიწევს სადოქტორო ქსელის მონაწილეების მითითებებით მონაცემთა დაზუსტება, დამუშავება, შედეგების ხელახალი  ანალიზი, და ბოლოს, ამ შედეგების შემოწმება სპეციალისტთა კონფერენციაზე“, - აცხადებს მარიამ ცაცანაშვილი.

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის დოქტორანტის ლანა ხიჯიკაძის თქმით, სადოქტორო თემა - „ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა განათლების ორგანიზაციული უზრუნველყოფა (პრობლემები და გადაჭრის გზები)“, ეხება საყოველთაოდ ცნობილ პრობლემას -  დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განათლების მიღების სპეციალური პროგრამის შექმნას.

„როცა თეორიული მოდელის დანერგვაზე ფიქრობ, ჯერ  ბრალდებულად და მსჯავრდებულადაც უნდა წარმოიდგინო თავი, მერე იმ ადამიანებსაც ჰკითხო აზრი, ვინც ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გადაიტანა.  ასე შეძლებ მთავარ კითხვაზე - რას გავაკეთებდი პროცესის ეფექტური მართვისთვის?, პასიხოს გაცემას. კვლევის პროცესის დაწყებამდე აუცილებელია გათვალო შესაძლებლობები, სისტემაში მომუშავე პერსონალის გამოკითხვა და ბოლოს,  თეორიული მოდელის შემუშავება. თეორიული მოდელის ექსპერიმენტულ შემოწმებას რომ იწყებ ხვდები, რამდენად დიდია მკვლევარის აკადემიური პასუხისმგებლობა კვლევის შედეგებზე.  ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი თემის კვლევის შედეგები, შემუშავებული მოდელის ელემენტები შესაძლებელია გამოიყენოს როგორც სახელმწიფო უწყებებმა, ასევე არასამთავრობო და ბიზნეს სექტორმა. ასევე, იმ ადამიანებმა, ვინც მომავალში ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელებას აპირებენ. ჩემთვის კვლევის პროცესი სადოქტორო ნაშრომის შექმნით არ დამთავრებულა,  ის მუდმივად გრძელდება  და ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მხარდაჭერისთვის“, - აცხადებს ლანა ხიჯიკაძე.

სიახლეებში დაბრუნება